„კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის გამოკითხვა სასამართლოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
„კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის გამოკითხვა სასამართლოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

„კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის გამოკითხვა სასამართლოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვა მოსამართლის მონაწილეობით თავად მელაძემ მოითხოვა.

მელაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განმარტა, რომ ხელოვნურად არის აჟიოტაჟი შექმნილი. მისივე თქმით, არანაირი გადატრიალება ქვეყანაში არ იგეგმებოდა.

„დღეს მთავრობა ცდილობს, კბილებით გაათრიოს პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი კანონი, რომლითაც შეზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციების არსებულ რეჟიმს. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის კანონი. ყველაფერი ცხადია, ნერვიულობს რუსული აგენტურა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში მისთვის იქნება დამაზიანებელი. ჩვენი ორგანიზაციის სახელი საფრთხობელად უჭირავთ და ესეც რუსული პროექტის ნაწილია. ბევრი ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციის სახელით დააშინოს თავისუფალი საზოგადოება. მზად არიან, ღია სივრცეშიც ჩაატარონ მსგავსი ტიპის ლექციები. ჩვენს ლექციებში არის მთავარი, ადამიანებს დავანახოთ, რა არის ცვლილებები, მხარი დავუჭიროთ მშვიდობიანი არაძალადობრივი პროცესის შენარჩუნებას, დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერას, ეს არის სამართლებრივი, გაუყალბებელი არჩევნები და თუ ეს ასე არ ხდება, როგორ მოიქცეს ადამიანი, რა გზები შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს? აქ არის ბევრი გზა, იდეა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ბინ შაკის მიერ 190-ზე მეტი გზაა შემოთავაზებული. მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ამ ლექციებს ძალადობრივი ხასიათის შინაარსი ჰქონდა, რაც სიმართლესთან კავშირში არაა“, – განაცხადა მელაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.