დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ოთხი მოწმის დაკითხვა. ოთხივე მათგანი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

ამ წუთებში ჩვენებას აძლევს მირიან ნარსია, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და სასამართლოს უთხრა, რომ ე.წ. ფარდულის ეპიზოდი ახსოვს და დაინახა დაჭრილი დავით სარალიძე, ასევე, ლევან დადუნაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გიორგი მენაბდე კი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი თვის წინ დააკავეს. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მენაბდეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე, 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო.