დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სამივე მათგანი 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა მამხილებელი ჩვენება არც ერთს მიუცია.
პროკურორმა განმარტა, რომ ოთხი წლის შემდეგ სასამართლო კიდევ ერთხელ იხილავს გახმაურებული მკვლელობის საქმეს და მნიშვნელოვანია სრული სურათის აღდგენა და თითოეული მოწმის მოსმენა.
„გრძელდება მენაბდის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სამივე მოწმე იყო ხორავას ქუჩაზე, მაგრამ დაკითხული მოწმეებიდან ორმა თქვა, რომ არკაში იყვნენ. მესამემ თქვა, რომ ეზოში იყო ხედავდა ყველაფერს, თუმცა როცა სარალიძემ მიიღო ჭრილობები, იქეთ არ იყურებოდა. ბრალდება იკვლევს მტკიცებულებებს და გადაწყვეტილი აქვს, ყველა დაიკითხოს, ვინც კი იქ იყო. საქმის არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყო და აუცილებელია, სურათი აღდგეს სრულად, როგორ დაიწყო კონფლიქტი, ვინ იყო იქ და ვინ რა როლს ასრულებდა“,- განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
გიორგი მენაბდე ამ საქმეზე ექვსი თვის წინ დააკავეს. მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი დავით დადიანი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.
„არც ერთის ჩვენება არ არის შემხებლობაში მენაბდის ბრალდებასთან. მათ აღწერეს ფაქტობრივი გარემოებები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სხვა პირთა მიმართ უფროა გამოთქმული ვარაუდი დანაშაულში მონაწილეობაზე. მენაბდეზე არავის ერთი სიტყვა არ დაუძრავს. ძალიან ბევრი მოწმეა დასაკითხი, ეს გაგრძელდება ორი თვე, საკმაოდ ინტენსიურად მოგვიწევს მუშაობა. ჩვენი მოლოდინი გამამართლებელი განაჩენია“,- განაცხადა ადვოკატმა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.