დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის სრული უფლება, ზუსტად ვიცი, ხელახლა ამირჩევენ და არ მივცემ უფლებას, წაგვართვან თავისუფლება
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის სრული უფლება, ზუსტად ვიცი, ხელახლა ამირჩევენ და არ მივცემ უფლებას, წაგვართვან თავისუფლება

400-წლიანი პატიმრობა მემუქრება ჩემი საკუთარი საპრეზიდენტო დოკუმენტების ფლობისთვის, რაც თითქმის ყველა სხვა პრეზიდენტმა გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლო სხდომის შემდეგ ნიუ ჯერსიში, გოლფის საკუთარ კლუბში მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი იურიდიული თეორია, რაც კი ოდესმე წამოყენებულა ამერიკულ სასამართლოში. მე მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის უფლება. ეს არის კანონი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არცერთი სხვა პრეზიდენტის მიმართ, რომელიც გაცილებით მეტ დოკუმენტს ინახავდა, გამოძიება არ დაწყებულა.

„ისინი ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი. ხელახლა როცა ამირჩევენ – და ზუსტად ვიცი, რომ ხელახლა ამირჩევენ – მე არ მივცემ უფლებას, წაგვართვან თავისუფლება. მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ერის გადარჩენა. 2024 წლის 5 ნოემბერს სამართალი იზეიმებს. ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყანას და ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – განაცხადა ტრამპმა.

გუშინ სასამართლოს სხდომაზე დონალდ ტრამპმა მოისმინა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და 37 პუნქტიდან თითოეულში თავი უდანაშაულოდ ცნო. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს გირაოს და მგზავრობის რაიმე პირობების გარეშე დატოვების უფლება მისცეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წაყენებული. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავებიან.