პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესვენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესვენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა

სასამართლო პროცესზე შესვენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს თავად აღარ სურდა, რომ სხდომაზე ჩართულიყო.

სხდომაზე შესვენების გამოცხადებამდე ხარვეზი ჰქონდა კომუნიკაციის დამყარებას, რის შემდეგაც პროცესზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

„მომწერეს, რომ ინტერნეტის პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ჩართვაზე“, – აღნიშნა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მას მოსამართლემ არ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინულ ენაზე ისაუბრებდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დისტანციური ჩართვის დროს ხმის გათიშვა მოითხოვა. აღნიშნულს სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.