მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულ ენაზე მიმართვა სურდა, ის მოგვიანებით თარჯიმნის მეშვეობით ჩაერთვება
მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულ ენაზე მიმართვა სურდა, ის მოგვიანებით თარჯიმნის მეშვეობით ჩაერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მას მოსამართლემ არ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინულ ენაზე ისაუბრებდა.

„ბატონო მიხეილ, ქართულად ისაუბრეთ. უკრაინის მოქალაქე ხართ, მაგრამ ქართულ ენას ფლობთ, სამართალწარმოება მიდის ქართულად, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ, მე არ ვიცი უკრაინული“, – მიმართა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დისტანციური ჩართვის დროს ხმის გათიშვა მოითხოვა.

აღნიშნულს სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროტესტი გამოთქვა  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, დარეჯან ცქვიტარიამ, რომელიც დაარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ცოტა ხანში თარჯიმნის მეშვეობით ჩაერთვება. დარბაზში იმყოფებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გადათარგმნიან.