საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ 11 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელობის საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს
საფრანგეთში 11 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
11 წლის ლიჰანა 29 მაისს ქალაქ ფლერანსის მახლობლად გაუჩინარდა. მისი ცხედარი გასულ კვირას იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მამაკაცის ავტომობილში ჯდებოდა. დაკავებულია 41 წლის მამაკაცი, რომელიც ლიჰანას მეგობრის მამაა.
განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ წარსულში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, მათ შორის, გაუპატიურების შესახებ რამდენიმე საჩივარი იყო შეტანილი, თუმცა არასოდეს ყოფილა გასამართლებული.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ლიჰანას საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა პროკურატურას დაევალა, გადახედონ იმ საქმეებს, რომლებშიც არასრულწლოვანთა საჩივრების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა პროცესი სათანადოდ არ მიმდინარეობს.
მინისტრმა პროკურორებს დაავალა, 14 ივლისამდე გამოავლინონ ისეთი საქმეები, რომლებზეც გამოძიება დაწყებულია, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ საქმეებს, სადაც დაზარალებული არასრულწლოვნები კვლავ არასრულწლოვნები არიან.
დარმანენის განცხადებით, საფრანგეთში ბავშვებთან დაკავშირებული დაახლოებით 70 000 საჩივარია რეგისტრირებული და აუცილებელია მათი გადაუდებელი გადამოწმება. მისი თქმით, გამოძიება შეისწავლის შესაძლო სისტემურ პრობლემებს, მათ შორის სასამართლო ექსპერტების, ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და სპეციალიზებული გამომძიებლების დეფიციტს.
დარმანენმა ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია სპეციალური ინსპექტირება, რომლის შედეგებიც ორ კვირაში გამოქვეყნდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ლიჰანას საქმე ერთეული შეცდომა, კონკრეტული პროცესის ჩავარდნა თუ უფრო ფართო, სისტემური პრობლემა, რომელიც საფრანგეთის სხვა სასამართლოებსა და პროკურატურებშიც არსებობს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირება კონკრეტულ დარღვევებს თუ გამოავლენს, პასუხისმგებლობას არ გაექცევა.
ამასთან, დარმანენმა გამორიცხა თანამდებობიდან გადადგომის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ საქმეში დაშვებული შეცდომები სამინისტროს პირდაპირი მითითებების შედეგი არ ყოფილა.
გარდა ამისა, დარმანენმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც, მისი თქმით, ამჟამად მუქარების სამიზნედ იქცნენ. მისი განცხადებით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, უმრავლესობა კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.