ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა შენიშვნები ოპოზიციის მიმართ, მათთვისვე იქნება უკეთესი, გამოიყენონ, მან სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში

16:22, 01.06.2026

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის უაზრობა, რადგან ეს კაცი არის პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, ამიტომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, პატიმრობაში თუ თავისუფლებაზე, უნდა დაკავდნენ სხვა საქმით, ადამიანებს ვერ აუკრძალავენ პოზიციების გამოქვეყნებას და გავრცელებას, რადგან ამ ადამიანს აქვს ამის სრული უფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი, ხუთი წელია, რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ცოტა უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე მას რაიმე აკრძალვისკენ მოუწოდებენ.

„მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა საქმიანი შენიშვნები და რჩევები ოპოზიციის მიმართ და მათთვისვე უკეთესი იქნება, რომ გამოიყენონ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, თანაშემწე და აღზრდილი პოლიტიკური ფიგურა არის საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ასევე ადამიანები, ვინც მსოფლიოს ბევრ წერტილში რეფორმებს ახორციელებენ. როგორმე მისგან რჩევები და შენიშვნები მიიღონ. ძალიან სამწუხაროა ასეთი შეფასებები. ასეთი შეფასებები აქვს ძირითად შემთხვევაში იმ ხალხს, რომლებიც არიან ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ივანიშვილის, პუტინის და სხვების მოსაზრება იყო ეს და სამწუხაროა, თუ პირადი შუღლის გამო მათ პოზიციას ვინმე გაიმეორებს. მთავარია ჩვენი სამიზნე იყოს ივანიშვილი და რეჟიმი. სააკაშვილი, ხუთი წელია, პოლიტიკურ პატიმრობაშია და მის მიმართ ამ კამპანიას რა მიზანი აქვს, არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჭორაობა, რაღაც დეტალებზე საუბარი არავის აინტერესებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი