საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, ასევე გეგმავენ მოზარდების სკოლის დამრიგებლისა და იმ ადამიანის დაკითხვას, ვისაც ვაკის პარკის სამეთვალყურეო კამერებზე  ჰქონდა წვდომა.

ამასთან, სასამართლო პროცესზე „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ნაკლებად მძიმე ღონისძიებით – გირაოთი შეცვლის საკითხი. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება არც ფურცხვანიძეს და საქმეზე ბრალდებულ არც სხვა განსასჯელებს არ შეუცვალა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.

როგორც ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, წარადგინეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ პროკურატურას არ აქვს გაყალბებული დოკუმენტის დედანი, რომლის გამოყენებაშიც ბრალდების მხარე ფურცხვანიძეს ედავება.

საქმის პროკურორის განმარტებით კი, არასწორია დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ასლის გამოყენება სამართალწარმოებაში დაუშვებელია. მისივე თქმით, ეს საბჭოთა სამართლის პრაქტიკა იყო.

ამასთან, სასამართლო პროცესზე დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემაც.

„ორიგინალი დოკუმენტი რომ არ არსებობს, ბრალი მედება ასლის გაყალბებაში? ჩემი ელექტრონული ხელმოწერა ადევს დოკუმენტს? თუ ჩემი ელექტრონული ხელმოწერა ადევს, ხმას არ ამოვიღებ, მე არ მომიწერია ხელი“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

აღნიშნულის შემდეგ ვაკის პარკის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა. „ეკოსერვისის“ თანამშრომრომლის, დევი მეზურნიშვილის დაკითხვა მხოლოდ ადვოკატებისა და ბრალდების მხარის თანდასწრებით მიმდინარეობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს. მათი განმარტებით, მეზურნიშვილი არასრულწლოვნებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრებდა, რისი საჯაროდ ჩვენებაც არასრულწლოვნების უფლებების დარღვევას გამოიწვევდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.