დავით ნარმანია - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება რეგულირების ახალი ინსტრუმენტი, რომ მომხმარებელთა უფლებები არ გაუარესდეს
დავით ნარმანია - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება რეგულირების ახალი ინსტრუმენტი, რომ მომხმარებელთა უფლებები არ გაუარესდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ნარმანიას თქმით, თუ ცვლილება დამტკიცდება, კომისია მზად არის, ახალი ფუნქციაც იტვირთოს.

„თუ აღნიშნული ცვლილება მიიღება, მარეგულირებელი კომისია მზად არის, ეს ფუნქცია დამატებით იტვირთოს. ეს იქნება რეგულირების ერთ-ერთი ახალი ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შევაფასებთ, ხუთი პროცენტი ან მეტი წილის გაყიდვის შემთხვევაში, ახალ მეწილეს რამდენად ექნება უნარი, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ, ხომ არ გამოიწვევს ახალი მესაკუთრის შემოსვლა მომსახურების გაუმჯობესებას ან რამე გავლენას ხომ არ იქონიებს ტარიფებზე. ამდენად, ჩვენი როლი და ფუნქცია ის იქნება, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში, ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებლობით მაქსიმუმ სამ-თვიანი პროცედურა არის შემოთავაზებული, შესაძლოა, მცირე გარიგების შემთხვევაში, ეს ვადაც არ დაგვჭირდეს იმდენად მოქნილი ვიქნებით და სწრაფად გავცემთ თანხმობას წილის გასხვისებაზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში რამდენიმე გარიგება განხორციელდა, რამაც აღნიშნულ სისტემაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

„მაგალითად, მაშინდელი „ყაზტრანსგაზის” თემაც საკმარისია. ასევე არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა. ყველა ისეთ ოპერაციაზე, რაც შეიძლება,  არასასურველი იყოს, რამაც შესაძლოა, ქვეყნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, კანონში ცვლილება იქნება ბერკეტი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს, რადგან ელექტროენერგია, გაზმომარაგება არის სექტორი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა. ამდენად მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი დამატებითი და მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელსაც არაერთი ქვეყანა იცნობს“, – აცხადებს დავით ნარმანია.

დატოვე კომენტარი