სემეკ-ში განმარტავენ, რის საფუძველზე მოხერხდა ელექტრონერგიის ტარიფის შემცირება
სემეკ-ში განმარტავენ, რის საფუძველზე მოხერხდა ელექტრონერგიის ტარიფის შემცირება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განმარტავენ, რის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ელექტრონერგიის ტარიფის შემცირება.

„ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ“, – აცხადებენ სემეკ-ში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდა.

შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.