„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ქალაქ რუსთავის მერს 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

„ჯივიპის“ ცნობით, 2024 წელს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას მოხმარდება, 5 მილიონი ლარი კი – ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას. კომპანიის ცნობით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, „ჯივიპის“ მიერ 2023 წლიდან დაგეგმილი და განხორციელებული მასშტაბური სამუშაოები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„დღეს სემეკ-ში გამართული შეხვედრა ორ ძირითად საკითხს მოიცავდა. შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება, მათ შორის ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე. ასევე განხორციელდება ხრამი-რუსთავის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის სარეაბილიტაციო პროექტებში 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

ამასთან, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სემეკ-ი მონიტორინგს აქტიურად განაგრძნობს.

„დღეს განვიხილეთ 2024 წლის საინვესტიციო პროექტები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ „ჯივიპის“ დაუმტკიცა, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება“, – განაცხადა ნარმანიამ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, საჭიროა იმ გეგმების, პროექტების დროულად და დათქმულ ვადებში განხორციელება, რომლებიც „ჯივიპიმ“ დღეს სემეკ-ში წარმოადგინა. ლაცაბიძის განცხადებით, საინვესტიციო გეგმა, კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით, სამ წელზეა გათვლილი.

„გეგმით გათვალისწინებული პროექტების ძირითადი ნაწილი ჩვენთანაა შეთანხმებული, მუნიციპალიტეტი გარკვეულ ნაწილზე ახალ პირობებს კიდევ დააყენებს, რადგან დღეს რუსთავში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მათში „ჯივიპის“ ჩართულობა მნიშვნელოვანია. რუსთავისთვის 2022-2023 წელი, იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომლებიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები კომპანიის მხრიდან ზედმიწევნით იყოს დაცული“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.