დავით ნარმანია - ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ, ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ
დავით ნარმანია - ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ, ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის საკითხი წლის ბოლომდე გადაიხედება, თუმცა როგორც შესაბამისი ფაქტორების ანალიზი აჩვენებს, მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ე.წ. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სემეკ-ის დაგეგმილი პოლიტიკა და საპროგრამო საკითხები განიხილეს, რის მიხედვითაც ნარმანია თავმჯდომარის რანგში მუშაობს აპირებს. სემეკ-ის ხელმძღვანელის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და სამუშაო პროგრამაც წარადგინა. მისი დამტკიცების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული პროცედურული უზუსტობის გამო, კენჭისყრა გადაიდო.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, რამდენად დგას დღის წესრიგში ელექტროენერგიაზე, წყალსა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდის საკითხი.

ნარმანიას ინფორმაციით, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფის გადახედვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, რადგან ამ სექტორებში გრძელვადიანი ტარიფები მოქმედებს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სადაც ჯერ ისევ მოკლევადიანი ტარიფი მოქმედებს, ნარმანიას თქმით, ტარიფი წლის ბოლომდე გადაიხედება, თუმცა სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა.

„ტარიფების გადახედვა ბუნებრივი პროცესია და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა გაიზრდება თუ შემცირდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარეგულირებელი კომისია ყველა ეკონომიკურ ფაქტორს უყურებს, რომელიც ტარიფის გაანგარიშებაში მონაწილეობს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. არსებობენ ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ და ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ. ეს ყველაფერი წლის ბოლოს გვეცოდინება. ჩვენთან [გაზის კომპანიების] განაცხადები წარმოდგენილია. არის სექტორები, სადაც ყოველწლიურად დგინდება ტარიფები და არის სექტორები, რომლებიც გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე გადავიდნენ. მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორი გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე გადავიდა. აქ ტარიფი 2017 წლის ბოლოს სამი წლის ვადით დადგინდა. შესაბამისად, თუ რამე მასშტაბური მაკროეკონომიკური არასტაბილურობა არ მოხდა, 2018, 2019 და 2020 წლებში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა არ მოხდება. ასე რომ, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების გადახედვას არ ვაპირებთ. ასევე გრძელვადიან ტარიფებზე გადავიდა წყალმომარაგების სექტორი. რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, ტარიფების გადახედვა წელს უწევს, თუმცა აქაც გვინდა, გადავიდეთ გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე, მაგრამ ბუნებრივი აირის სექტორში ჯერ ყველა მოცემულობა გაანგარიშებული არ არის და ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვეცოდინება. თუმცა არსებული ფაქტორების აბსოლუტური უმეტესობის ანალიზიდან გამომდინარე, რამე მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. კომპანიებმა განაცხადები [ტარიფის ცვლილებაზე] ტარიფის დადგენამდე 180 დღით ადრე უნდა შემოიტანონ. შესაბამისად, გაზის კომპანიებს განაცხადები წარმოდგენილი აქვთ“, – განმარტა დავით ნარმანიამ.