კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარს სააგენტო კონკურენტულად აფასებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარს სააგენტო კონკურენტულად აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე. ასევე, დეტალურად შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი – პროდუქტის თვითღირებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2019-2022 წლებში როგორც თხევადი, ასევე ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზარზე ფასის ცვლილება განპირობებული იყო საბაზრო ფაქტორებით და საცალო ფასის ცვლილება კორელაციაშია მასზე მოქმედ ძირითად ფაქტორთან.

„ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზრის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის შეძენა 2019 წელს განახორციელა 97 კომპანიამ (134 გაზგასამართი სადგური) 188 635 780 ლარის ოდენობით (192 628 000მ3). 2020 წელს – 96 კომპანიამ (143 გაზგასამართი სადგური) 118 865 463 ლარის ოდენობით (147 893 000მ3). 2021 წელს – 95 კომპანიამ (127 გაზგასამართი სადგური) 119 474 586 ლარის ოდენობით (160 065 000მ3). ხოლო 2022 წელს – 88 კომპანიამ (128 გაზგასამართი სადგური) 169 633 554 ლარის ოდენობით (190 789 000მ3). სააგენტოს პოზიციით, საცალო ბაზარი დაბალკონცენტრირებულია (2020 წელს ზომიერად კონცენტრირებული), სახეზეა რამდენიმე მსხვილი კომპანია, თუმცა ბაზარზე, ამავდროულად, მაღალია მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი. ბაზრის განსახილველი დონე, მცირე კომპანიების რაოდენობის გათვალისწინებით, გამოირჩევა კონცენტრაციის დაბალი ინდექსით. საანგარიშო პერიოდში სამი მსხვილი კომპანიის ჯამური წილი ბაზარზე აღემატება 50%-ს, თუმცა არ კმაყოფილდება კანონის მოთხოვნა – თითოეული კომპანიის მიერ 15%-ზე მეტი წილის ფლობის შესახებ. შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე მაღალია მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს და, შესაბამისად, კონცენტრაციის დაბალ ინდექსს ბაზრის განსახილველ დონეზე.

თხევადი გაზის ბაზრის შეფასების მიხედვით, 2019 წელს 36-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 41 015 037 ლარის (24 402 640 კგ.) იმპორტი. 2020 წელს 53-მა ეკონომიკურმა აგენტმა 51 118 323 ლარის (28 534 834 კგ.) იმპორტი. 2021 წელს 89-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 91 264 801 ლარის (35 266 142 კგ.) გაზის იმპორტი, ხოლო 2022 წელს 58-მა ეკონომიკურმა აგენტმა 80 178 679 ლარის (42 274 714 კგ.) თხევადი გაზის იმპორტი. რაც შეეხება საცალო ბაზარს, 2020 წელს თხევადი გაზის ბაზარზე მოქმედმა 133-მა კომპანიამ განახორციელა 29 840 303 კგ. შეძენა, 2021 წელს 131-მა კომპანიამ – 17 095 920 კგ. 2022 წელს 120-მა კომპანიამ – 23 508 212 კგ. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის როგორც იმპორტის, ასევე საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. შესასწავლ პერიოდში კონცენტრაციის ინდექსი არ აჭარბებს 937 ერთეულს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.