სოსო არჩვაძე - წინასაახალწლოდ სემეკ-მა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას, მზარდი გლობალური არასტაბილურობის ფონზე ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით დასაფასებელია
სოსო არჩვაძე - წინასაახალწლოდ სემეკ-მა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა მოსახლეობას, მზარდი გლობალური არასტაბილურობის ფონზე ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით დასაფასებელია

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ-ის) გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

არჩვაძის შეფასებით, ტარიფის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც მაკროეკონომიკური, ისე სოციალური და პოლიტიკური კუთხით. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მდგრადობის და სტაბილური განვითარების შეუქცევადობას ადასტურებს.

„წინასაახალწლოდ სემეკ-მა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას – ფიზიკურ პირებსაც და კომერციულ სტრუქტურებსაც. მისი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 2024 წლიდან სამი თეთრით შემცირდება და ეს შემცირებული ტარიფი სამი წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის უდავო ეფექტის მოტანის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური მაკროეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია: თვალშისაცემია პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი, რის შედეგად მოსახლეობას მხოლოდ თბილისში ტარიფის შემცირების ხარჯზე სამი წლის განმავლობაში დაეზოგება 100 მილიონ ლარზე მეტი, ქვეყნის მასშტაბით კი თითქმის 300 მილიონი ლარი. ეს დაბალი ინფლაციის, ეროვნული ვალუტის სტაბილურობისა და უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება; ტარიფის შემცირება პოზიტიურად იმოქმედებს კომერციული სტრუქტურების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასა და შესაბამისად, გაზრდის სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე; აღნიშნული გადაწყვეტილება სამწლიან პერიოდზე ფაქტობრივად ადასტურებს სახელმწიფოებრივი მდგრადობის ინსტიტუციონალიზაციას და სტაბილური პროგნოზირებადი განვითარების შეუქცევადობას. აღნიშნული, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკით, განსაკუთრებით დასაფასებელია მზარდი გლობალური არასტაბილურობისა და ვოლატილობის ფონზე“,  – წერს სოსო არჩვაძე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში  ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.