დავით მესხიშვილი - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება აუცილებელია
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება აუცილებელია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრაქტიკა არის, კარგად მუშაობს. მით უმეტეს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ჩვენთან უამრავი კონფლიქტური სიტუაციაა ხოლმე. ხანდახან, ვერ დგინდება, ვინ ვის უნდა გადაუხადოს, რა ოდენობით უნდა გადაუხადოს და ა.შ. ეს პრობლემები მუდმივად არის და სხვა სახის კრიმინალში, გარჩევებში და ა.შ გადადის ხოლმე. ძალიან ბევრი ამბავი ცუდადაც დამთავრებულა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მისი თქმით, იდეა მისაღებია, მაგრამ პროექტში, რომელიც პარლამენტში მოხვდა, გარკვეული ბუნდოვანებები არის, რაც აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს და ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში გამოჩნდეს.
„მაგალითად, წარმოდგენილ კანონპროექტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები გაწერილი არ არის შინაარსის მიხედვით და ვფიქრობ, უნდა გაიწეროს. მაგალითად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გაუმართავი ინფრასტრუქტურის მიზეზით მოხდა, მძღოლმა ავტომობილი თავღია ჭას აარიდა, საგზაო ნიშანი არასწორად იყო განთავსებული და ა.შ. ჩემი აზრით, ყველა დაზარალებულის ანაზღაურება უნდა მოხდეს“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა ვერ იწარმოება, რადგან არის ისეთი შემთხვევები, როცა მძღოლები პოლიციას საერთოდ არ იძახებენ, ჯარიმას თავს არიდებენ და ა.შ.
„დღემდე ვერ დადგინდა ტრავმატიზმის ხარისხის ზუსტი რაოდენობა, იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი პროგრამა არის, რომელიც ვერ ჩაირთო და ესეც მიბმულია ამ პრობლემებთან“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, პრობლემაა ისიც, რომ ერთი და იგივე კომპანია ტექინსპექტირების ცენტრებსაც ფლობს და ასევე, სადაზღვევო ბიზნესში ძალიან მსხვილი მოთამაშეა, რაც ინტერესთა კონფლიქტია.
„ასეთ დროს, სადაზღვევო კომპანია დაინტერესებულია, ტექინსპექტირება მეტმა ავტომობილმა გაიაროს და შემდეგ, დააზღვიოს. თავის დროზე აიკრძალა, რომ ერთი და იგივე კომპანია ტექინსპექტირებას და ავტოსერვისს არ უნდა ფლობდეს, რადგან ავტომობილს ტექინსპექტირებაზე ჩააგდებს, ავტოსერვისში გაუშვებს და იქიდან დავუშვათ, მეტი მოგება ექნება. აქაც იგივე ხასიათის რისკია, ოღონდ პირიქით. კომპანია დაინტერესებულია, მეტი გაატაროს, მეტი დააზღვიოს ან საზოგადოებას ისეთი პაკეტები შესთავაზოს, რომ თუ ჩემთან დააზღვევ, ინსპექტირებას გაგატარებ და ა.შ. საინტერესოა, ასეთ რისკებზე როგორ არის მზად სახელმწიფო“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.