არჩილ ცერცვაძე - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არის შენატანი, რომლის უკუგებაც სწრაფად უნდა მოხდეს
არჩილ ცერცვაძე - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არის შენატანი, რომლის უკუგებაც სწრაფად უნდა მოხდეს

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არის შენატანი, რომლის უკუგებაც აუცილებლად უნდა მოხდეს, თანაც სწრაფად, – განაცხადა „სადაზღვევო ასოციაციის“ წარმომადგენელმა, დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელმა და დაზღვევის მედიატორმა, არჩილ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ზიანის შეფასება და ვინ რა ვადაში დაადგენს ზარალს, არჩილ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ დგინდება, ფაქტის დადგომის შემდეგ კი, ავტომფლობელს 60-დღიანი ვადა ეძლევა, რომლის განმავლობაშიც მას და დაზარალებულსაც შეუძლიათ, ფაქტი წარმოადგინონ, შემდეგ ურთიერთშეთანხმება მოხდება და ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ, კომპენსაცია მიიღონ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ გაუწევს მონიტორინგს სადაზღვევო კომპანიებს და ვინ შეაფასებს, ასრულებენ თუ არა ისინი საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად, არჩილ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის ორგანო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურია, რომელსაც „დაზღვევის შესახებ კანონით“ საკმაო უფლებამოსილება აქვს, მონიტორინგი გაწიოს.

როგორც არჩილ ცერცვაძემ აღნიშნა, როდესაც დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის პრობლემა წარმოიქმნება, მედიაციის ინსტიტუტი დაზღვეულს დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს, სასამართლომდე.

„ჩვენი სერვისი არის უფასო. ამით ყველა სარგებლობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ შორის დავა მოგვარდეს ისეთ დონეზე, რომ სასამართლოს ხარჯები საჭირო აღარ იყოს“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, სადაზღვევო კომპანიებმა რისკჯგუფების მქონე მძღოლების ბაზა შექმნან და შესატანი თანხის კორექტირება ამ რისკფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს, არჩილ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ერთიანი ბაზა აუცილებლად უნდა შეიქმნას, რასაც ერთი-ორი წელი დასჭირდება.

„ამით გავიგებთ კლასებს, მომატებული საფრთხის მანქანების; გავიგებთ სხვადასხვა დეტალებსა და ნიუანსებს, სად არის მეტი რისკი. საბოლოოდ, ჩვენ აუცილებლად მივალთ წახალისება-ჯარიმის სისტემის ამოქმედებამდე“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.