არჩილ ცერცვაძე - უავარიო მძღოლს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას შესაძლოა, სერიოზული ფასდაკლება ჰქონდეს
არჩილ ცერცვაძე - უავარიო მძღოლს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას შესაძლოა, სერიოზული ფასდაკლება ჰქონდეს

უავარიო მძღოლს დაზღვევისას შესაძლოა, სერიოზული ფასდაკლება ჰქონდეს, – ამის შესახებ „სადაზღვევო ასოციაციის“ წარმომადგენელმა, დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელმა და დაზღვევის მედიატორმა, არჩილ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საუბრისას განაცხადა.

„გარკვეული წლების შემდეგ, სტატისტიკა წახალისება-ჯარიმის სისტემის შემოტანის შესაძლებლობას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მძღოლი არის უავარიო, მას ერთგვარი ბონუსი ეძლევა და მისი ტარიფი გარკვეულწილად, მცირდება. ასე რომ, ამ სისტემებით უავარიო მძღოლს შესაძლოა, სერიოზული ფასდაკლება ჰქონდეს. შესაძლებელია, ფასის კორექტირება კანონპროექტის განხილვის პროცესშიც მოხდეს და მის შემდეგაც“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის თანხა დაკორექტირდეს.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფასი მანქანის კლასზეა მიბმული.

„კლასებიდან გამომდინარე, ფასები იზრდება. ვთქვათ, თუ ძრავა პატარა მოცულობისაა და მანქანის მასა პატარაა, იქ ფასი ნაკლებია. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში, წლის განმავლობაში, ეს თანხა დაახლოებით, 100-150 ლარს შეადგენს“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

არჩილ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ სადაზღვევო შენატანი რისკის ადეკვატური უნდა იყოს.

„ერთი მხრივ, ის უნდა შეესაბამებოდეს რისკს და ეს აქტუალურად უნდა იყოს დათვლილი, მეორე მხრივ კი, სამართლიანი უნდა იყოს. სამართლიანი უნდა იყოს მოქალაქისთვის, დაზღვეულისთვის, ვისაც სადაზღვევო შენატანი შეაქვს და ასევე, სადაზღვევო კომპანიისთვის. ზარალის სტატისტიკიდან და რისკის დადგომის ალბათობიდან გამომდინარე, თანხა საკმარისი უნდა იყოს სადაზღვევო ანაზღაურების ფონდის შესაქმნელად და გასაცემად“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება ლიმიტების განსაზღვრა და რა შემთხვევაში ვერ მოხდება ზარალის სრულად ანაზღაურება, არჩილ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ზარალი ყოველთვის სრულად ანაზღაურდება.

„ერთ შემთხვევაზე, ერთ ერთეულ პოლისზე, ჯანმრთელობის შემთხვევაში, ეს 30 000 ლარი გახლავთ, ჯამურად – 300 000, ხოლო ქონების შემთხვევაში 25 000 და ჯამურად – 50 000. ლიმიტი არ იწურება იქიდან გამომდინარე, რამდენი შემთხვევა მოხდება სადაზღვევო პერიოდის, წლის განმავლობაში. ზარალის სიხშირის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და ლიმიტი ყოველ ჯერზე მუშაობს. ანუ, ლიმიტი არ იკლებს და ხელახალი დაზღვევა, ხელახალი სადაზღვევო შენატანის განხორციელების საჭიროება არ არის“, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.