დავით ჭიჭინაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არაფერს აკეთებდნენ, კომუნიკაციების კომისიაში უშვებდნენ
დავით ჭიჭინაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არაფერს აკეთებდნენ, კომუნიკაციების კომისიაში უშვებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გადაყენებული დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არაფერს აკეთებდნენ, კომუნიკაციების კომისიაში იყვნენ გადაბარგებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატ დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.

მისი თქმით, ანაზღაურებაზე ზღვრის დაწესების ინიციატივას ემხრობა, თუმცა იმ უწყებების ჩამონათვალის გაფართოების მომხრეა, რომლის წარმომადგენლებსაც კანონპროექტი შეეხება.

„მე მხარს ვუჭერ, უბრალოდ ჯობს, გავაფართოვოთ. არამარტო კომუნიკაციის და ენერგეტიკის მარეგულირებლები, არამედ ზოგადად, ეროვნული ბანკი იქნება თუ აუდიტი, ყველა ერთ ჩარჩოში მოექცეს და რაღაც შევიმუშაოთ, რადგან უხერხულია ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ვიღაცა ათი ათასობით ლარს იღებდეს.  ისე კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებს შემოაქვთ ეს ცვლილება, იმიტომ, რომ მათი დაშვებულია, პენსიაზე უშვებდნენ ხოლმე დეპუტატებს. ასე, დამსახურებულად. როდესაც სიაში ვეღარ ხვდებოდნენ, შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, რომ აბინავებდნენ მაღალხელფასიან სამსახურებში“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„რა გამოდის, რომ მინისტრები არაკვალიფიციური გვყავს? მინისტრის მოადგილეები არაკვალიფიციური გვყავს? პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, ქვეყანაში ყველაზე დაკავებული ადამიანია და ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი. მისი ხელფასი თუ 4200 ლარია. ამ ლოგიკით რომ გავყვეთ, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი? ბანკირებს რამდენიმე მილიონი აქვთ ხომ? გინდა „თი-ბი-სის“ გენერალურ დირექტორს, გინდა „საქართველოს ბანკის“. რა ვქნათ? ათეულობით მილიონი ლარი ვუხადოთ ხელფასი? ეს არგუმენტები არ არის. რადგანაც გაიხსნა ეს თემა, ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს ზოგადად, იმიტომ რომ მარეგულირებელის საქმიანობაც, ვფიქრობ, არ უნდა იყოს ბეჭედი გარკვეულად და ზუსტად. შესაბამისად კიდევ თუ ესეთი მაღალი შემოსავლებია, როგორც ამბობენ, ესეც იმის ბრალია, რომ ამ ქვეყანაში ესეც მონოპოლიზებულია და აქაც ჩასახედია, რომ შესაბამისად მათი ზღვარიც დადგინდეს. ამაზე უნდა იფიქროს მარეგულირებელმა, რომ არც ერთ ტელეკომუნიკაციის მფლობელს 40 და 45 პროცენტი არ უნდა ეკავოს ბაზარზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაა სამუშაო, რომ იქ ზღვარიც დადგინდეს და შემცირდეს ეს ბაზარი, მეტი ოპერატორი გახდეს და მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისათვის ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა ​მარეგულურებელ კომისიასთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართვლოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

რომან გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.

კანონპროექტი მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, მხარი არ დაუჭირა და თავისი შენიშვნებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაუგზავნა.