დავით ჭიჭინაძე - გადაწყვეტილია, რომ უსამართლობას ბოლომდე შევეწინააღმდეგოთ, ერთ ლოყაში თუ გაგვარტყამენ, ის დრო არ არის, მეორე შევუშვიროთ
დავით ჭიჭინაძე - გადაწყვეტილია, რომ უსამართლობას ბოლომდე შევეწინააღმდეგოთ, ერთ ლოყაში თუ გაგვარტყამენ, ის დრო არ არის, მეორე შევუშვიროთ

გადაწყვეტილია, რომ უსამართლობას ბოლომდე შევეწინააღმდეგოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება ქვეყნის ღირსების დაცვას.

„ჯერ გაურკვეველია, დააპატიმრებენ თუ არა. ჩვენ ყველანაირი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ. გადაწყვეტილია, რომ უსამართლობას შევეწინააღმდეგოთ ბოლომდე. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყანა იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდა ღირსებისა და თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, 2021 წელს ისევ ეს პრობლემა დგას. დღეს ეს კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება, ადრეც ასე იყო. ეს დიდი ბრძოლები ყოველთვის გარკვეულ დანაშაულთან იწყება ხოლმე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალურად, ქვეყანაში საკმად დიდი პრობლემაა. ეს ის პროტესტია, რომელსაც ხალხი უერთდება, რადგან აქ არ არის საკითხი გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებზე, აქ არის ქვეყნის ღირსებაზე საქმე.

მგონი, ჩვენ წინააღმდეგობას არავის ვუწევთ, მაგრამ როდესაც ზიხარ ოფისში და ვიღაც მოდის და გეჯაჯგურება, რა თქმა უნდა, დაიცავ თავს. აქ ვინმეს დაცვაზე არ არის საუბარი, არამედ საკუთარი თავის დაცვაზე, ღირსების დაცვაზე, რადგან როცა არაფერი დაგიშავებია ადამიანს და ვიღაც რაღაცაზე გიპირისპირდება, ადეკვატური პასუხი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვართ, ერთ ლოყაში თუ გაგვარტყამენ, ის დრო არ არის, მეორე შევუშვიროთ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, პატიმრობას გამოიყენებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ სხვანაირად არ შეუძლია. ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან მოკალათებული, პიროვნული ღირსება არ გააჩნიათ, ცდილობენ, მიტაცებული ინსტიტუტებით არკვიონ სიმართლე. მათ ეს ინსტიტუტები საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.