დავით ჭიჭინაძე - რაღაცის ცვლილება თუ უნდოდათ, ყველა საკითხი გვერდზე უნდა გადაედოთ და მთავარი ყოფილიყო ნიკა მელიას გამოშვება
დავით ჭიჭინაძე - რაღაცის ცვლილება თუ უნდოდათ, ყველა საკითხი გვერდზე უნდა გადაედოთ და მთავარი ყოფილიყო ნიკა მელიას გამოშვება

რაღაცის ცვლილება თუ უნდოდათ, ყველა საკითხი გვერდზე უნდა გადაედოთ და მთავარი ყოფილიყო ნიკა მელიას გამოშვება, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა უნდა განახლდეს.

„გუშინ რასაც ვუყურეთ, ხელისუფლება ცდილობდა ყველაფერი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა. მას გარკვეულწილად ჰქონდა რაღაც წინადადებები, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი წინადადება, რაც უნდა ყოფილიყო ამ მოლაპარაკებებზე, ეს იყო ნიკა მელიას გათავისუფლება. ნიკა მელია არის ძალადობის მსხვერპლი და ამ შენობაში უკანონოდ შემოჭრილი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული. რაღაცის ცვლილება თუ უნდოდათ, ყველა საკითხი გვერდზე უნდა გადაედოთ და მთავარი უნდა ყოფილიყო ნიკა მელიას გამოშვება.

როდესაც ფასილიტატორებმა გადაწყვიტეს, ერთად დაესვათ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, მაშინ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უნდა დამსხდარიყვნენ და დაესვათ კითხვა ნიკა მელიას შესახებ. იქედან ეს მესიჯი მოდიოდა, რომ ამ საკითხის განხილვას „ქართულო ოცნება“ არ აპირებდა.

საპროტესტო ტალღა უნდა განახლდეს და რეალურად ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ არის მარტო ერთი ქალაქის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის ოპოზიცია, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ხალხი ოპოზიციის გამარჯვების პირობებში, რაც ვფიქრობ, დღესაც ბუნდოვანია და ამას ვერავინ ხედავს“, -განაცხადა ჭიჭინაძემ.