დავით ასათიანი - მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ
დავით ასათიანი - მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ

იმის ნაცვლად, რომ კონკურენტებს ეღიარებინათ ჩვენი გამარჯვება, მივიღეთ საარჩევნო პროცესის უპრეცენდენტო საბოტაჟი და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები,- აღნიშნული განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დავით ასათიანი მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს და სთავაზობს კიდევ უფრო გამჭვირვალე პირობებში ჩაატარონ არჩევნების მეორე ტური.

„თუ ლევან ჯანაშია, არის მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი და მას არ აქვს გავლენები სხვა პირთა მხრიდან, მოვუწოდებ, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს და დააბრუნოს თავისი კანდიდატები საარჩევნო კომისიაში. გამოვაცხადებთ მეორე ტურს და ორივე მივიღებთ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მათი ქმედება ჩაითვლება როგორც ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება“,- აღნიშნა ასათიანმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ბრალდებები შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და თუ რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი ეს მხოლოდ მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„თუ რაიმე დარღვევას, შეცდომას ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდან, ეს იყო უპირველეს ყოვლისა ჩემი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, რადგან ეს არჩევნები 500 ხმით მაქვს მოგებული. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა 5, 7 ან თუნდაც 30 გაყალბებულ ბიულეტენს. ეს ყოველივე არის მოგონილი ბრალდება, რათა ადამიანებმა, რომლებმაც 5 ხმა მიიღეს საარჩევნო პროცესი ჩაშალონ“,- განაცხადა დავით ასათიანმა.