დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. კანონპროექტი მესამე მოსმენით იხილებოდა, რაც რედაქციულ შენიშვნებს გულისხმობს. კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგა ბოკერიაც ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მსგავსად, მათაც ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს. იმის მიუხედავად, რომ კომიტეტმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რეგლამენტის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით განსახილველად სესიაზე მაინც გავა და ამ საკითხზე მსჯელობა, უკვე პლენარული სესიის ფორმატში გაგრძელდება.

„ეს საკითხი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა და არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ აღნიშნულ განხილვებში, შესაბამისად, გვემსჯელა ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან, მათ შორის ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სტარტაპები, კომერციული რეკლამა და ა.შ. განსხვავებული პოზიციები შეიძლება არსებობდეს, ამაში რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. კოლეგებმა ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელსაც სწორად თვლიან“, – განაცხადა საკომიტეტო განხილვის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ.