ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის ვაფინანსებთ, რომ მისი პრიორიტეტები კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებული იყოს
ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის ვაფინანსებთ, რომ მისი პრიორიტეტები კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებული იყოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციალიზაციასა და პრიორიტეტების შეცვლას მოიტანს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებისა და მედიაექსპერტების შეფასებით, ცვლილებები დამაზიანებელი ეფექტის მომტანი იქნება კერძო მედიასაშუალებებისთვის და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

„საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და კერძო მაუწყებლებს შორის პრინციპულად დიდი განსხვავებაა, განსხვავება – პრიორიტეტებშია. კერძო მაუწყებლები ამ პრიორიტეტებს აღიარებენ და ეს სამარცხვინო არ არის. განსხვავებულ პრიორიტეტებზე საუბარი ვინმეს შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ეს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციალიზაციასა და პრიორიტეტების შეცვლას მოიტანს. საქართველოს მოქალაქეები ბიუჯეტში თანხებს იმისთვის არ ვიხდით, საიდანაც მაუწყებელს ათობით მილიონი მიეცემა, რომ მან ისეთივე პრიორიტეტები განსაზღვროს, როგორიც კერძო მაუწყებლებს აქვთ. ჩვენ ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს იმისთვის ვიხდით და საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის ვაფინანსებთ, რომ მისი პრიორიტეტები კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებული იყოს. არსებითი განსხვავება ამაშია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი