მამუკა მდინარაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისას,  საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო წარმოდგენილი
მამუკა მდინარაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისას, საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო წარმოდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობაში „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მსჯელობა საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან დამატებითი შეხვედრა დააანონსა და რადგანაც ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, შეხვედრა მისი დაბრუნების შემდეგ შედგება.

„აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, დამატებითი შეხვედრა უმრავლესობის შიგნით გაიმართება, რადგან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. შეხვედრის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პრეზიდენტის მიმართ გადაწყვეტილებაზე არანაირი პოლიტიკური განცხადება და განწყობა ვერ იმოქმედებს, თუმცა თავის დროზე, როცა ეს კანონპროექტი მივიღეთ, საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო წარმოდგენილი. არგუმენტები მეორე მხარესაც აქვს, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე შეჯერება მოგვიწევს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო, საკანონმდებლო ორგანო კი, მოტივირებულ შენიშვნებზე სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს.