„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა
„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა

„მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

როგორც პარლამენტიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კანონი, რომელსაც  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელი გუშინ მოეწერა, საკანონმდებლო მაცნეში უახლოეს ხანში გამოქვეყნდება და  გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე წლის 21 თებერვალს, 83 მომხრე ხმით დაძლია. 28 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს  ხელი არ მოაწერა.

რეგლამენტის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

ასევე, ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. გარდა ამისა, შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს.

დაზუსტდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე, შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება.

სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს. ამასთან, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებაა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

აგრეთვე, დასაშვები გახდა გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

ამასთანავე,  საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათანადო სარეკლამო რგოლის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.