პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები ჰქონდეთ.

„სამწუხაროდ, ეს კანონი იმ გამოწვევებს ვერ მოაგვარებს, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ამ კანონმა შეიძლება პირიქით, კითხვის ნიშნის ქვეშაც დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი.

ამავე დროს, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს. ასევე, კორუფციის სერიოზულ რისკებს ქმნის.

იმედი მაქვს, რომ კომიტეტში სიღრმისეული განხილვა იქნება ყველა იმ ასპექტისა, რომელიც მოტივირებულ შენიშვნებშია წარმოდგენილი.

საკითხზე სხვადასხვა აქტორებს შორის უპრეცედენტო და ძალიან ფართო კონსენსუსს ვხედავთ და პრეზიდენტის ვეტო სამოქალაქო სექტორის კონსენსუსს ასახავს.

საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემურია. რაც შეეხება ევრორეგულაციებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ევროსტანდარტებთან ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა სახელმწიფოებრივი ამოცანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს ეს პროცედურა ევროსტანდარტებთან არ მოჰყავს.

სინამდვილეში, ევროდირექტივის შესრულება კი არ ხდება, არამედ პირიქით, საფრთხე იმ ღირებულებებს მიადგება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დატოვე კომენტარი