დარგობრივმა კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
საკითხის განხილვის შემდეგ, კენჭისყრისას შენიშვნებს კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.
კომიტეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს რომან კაკულიამ, კახა ოქრიაშვილმა, რევაზ არველაძემ და გენადი მარგველაშვილმა.მხარი დაუჭირეს რომან გოცირიძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მამუკა ჩიქოვანმა და დავით ჭიჭინაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ნინო წილოსანმა, ირაკლი აბუსერიძემ და ისკო დასენმა.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ 8 ხმა.
კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეტოსთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს განხილვებისას უარყოფითი შეფასება მისცა.
რომან კაკულიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს, თუმცა მისი პოზიცია კანონპროექტის მიმართ უცვლელია.