არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე კონსულტაციები ფართო ფორმატში გაგრძელდება.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას.

„როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდება, ჩვენ გუნდში საბოლოო კონსულტაციები გვექნება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, ამ მედიისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტურად გამოყენებული და საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, მეტი აუდიტორიის მქონე მედია. მას აქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც, ამიტომ უკეთესი ტექნიკური პირობები, ინფრასტრუქტურა, გადაიარაღება და უკეთესი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის – ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია ოფიციალურად გაიხსნა. მიმდინარე თვეში მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნის განხილვა იქნება, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ვეტოს საკითხზე მსჯელობის დაწყებამდე კონსულტაციები გაიმართება, სადაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად დეპუტატები და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.