ნათია კაპანაძე - საჭიროა, კიდევ უფრო ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება
ნათია კაპანაძე - საჭიროა, კიდევ უფრო ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება

ეს პროცესი ვერ მოიტანს ვერცერთ შემთხვევაში უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აქ არის საჭირო, კიდევ უფრო ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე გააკეთა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას, ნათია კაპანაძემ ირაკლი კობახიძეს პროცესის შეჩერება სთხოვა და აღნიშნა რომ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობითაც მიმართა.

„პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დღეისათვის, თითქოსდა გამიზნულია იმისაკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა განვითარდეს. თითქოსდა, გამიზნულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი არხები განვითარდეს. მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს პროცესი ვერ მოიტანს რეიტინგის ცვლილებას. ეს პროცესი ვერ მოიტანს ვერცერთ შემთხვევაში უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აქ არის საჭირო, კიდევ უფრო ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება. ეს პროცესი აუცილებელია, შეჩერდეს და თქვენ თავად გაუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რა ოდენობის თანხა სჭირდებათ საზოგადოებრივ არხებს განვითარებისთვის“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა.

ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის ცვლილება აჭარის ტელევიზიას, რომელსაც დღეისთვის საკუთარი შენობა არ აქვს, ვერც მდგრადობას და ვერც რეიტინგის ზრდას მოუტანს. მისი თქმით, პარტნიორობის მიუხედავად, არც „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებისას და არც მისი შემუშავების პროცესში ყოფილა ჩართული.

კაპანაძემ უკმაყოფილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს მისამართითაც გამოთქვა.

„პროცესი, რომელიც საზოგადოებრივმა არხმა წამოიწყო, არ იყო მასში ჩართული მთავარი პარტნიორი. თითქმის იგივეა ბიუჯეტირების პროცესში. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო აფინანსებს საზოგადოებრივ არხებს, გადასცემს თანხას, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, რომელსაც აქვს ვალდებულება, ასევე იმსჯელოს აჭარის მაუწყებლის ნაწილში, ისევე, როგორც გამორჩათ კანონმდებლობის და კანონის პროცესში პარტნიორების გათვალისწინება, ხშირ შემთხვევაში, უმეტესად გამორჩებათ ხოლმე, იმ საჭიროებების შესწავლა, რომლის წინაშეც აჭარის მაუწყებელი დგას. 4 წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებელი იღებდა ყოველთვიური ბიუჯეტის მინიმუმს და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა შესწავლილი რა ესაჭიროება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მედია პლატფორმას. ვფიქრობ, თუკი პარლამენტს, საზოგადოებას არ ექნება სრული ინფორმაცია საზოგადოებრივი არხების შიდა მენეჯმენტიდან, საჭიროებიდან დაწყებული, ასევე მიზნებით დამთავრებული, საზოგადოება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს საჭირო საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი