გიორგი კახიანი - პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხმები არ გაიყოფა
გიორგი კახიანი - პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხმები არ გაიყოფა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხმების გაყოფა არ მოხდება, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის განმარტებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე კენჭს თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყრიან და თუ ვეტოს გასაზიარებლად საჭირო მინიმუმ 50 ხმა არ შეგროვდება, კენჭისყრაზე შემდეგ “მაუწყებლობის შესახებ” უკვე სამი მოსმენით დამტკიცებული პროექტი  დადგება, 75 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში კი, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება.

“პრეზიდენტის ვეტოზე ხმების გაყოფა არ მოხდება. პარლამენტის ისტორიაში შემთხვევას ვერ ვიხსენებ, რომ ხმები თანაბრად გაყოფილიყო. პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებას მინიმუმ 50 ხმა სჭირდება ოღონდ იმ პირობით, რომ წინააღმდეგი 50-ზე მეტი არ იქნება. რეგლამენტში არსებული ჩანაწერი ასეთია: პარლამენტი გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით იღებს, ოღონდ ეს სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინება მოხდება, დღეს მოქმედი კანონი უცვლელად დარჩება. თუ მოხდა ისე, რომ პარლამენტმა, არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა და მხარი არც საკუთარ კანონპროექტს დაუჭირა, ასეთ შემთხვევაში არც პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინება ხდება, არც ამ ახალი კანონპროექტის მიღება. შესაბამისად, ძალაში დღეს მოქმედი კანონი დარჩება”, – აღნიშნა კახიანმა.

პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მომავალ სასესიო კვირას განიხილავს.