გიორგი აბაშიშვილი - უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა
გიორგი აბაშიშვილი - უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კვალიფიციური დისკუსია ვერ წარიმართა.

ჟურნალისტებთან საუბარში აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები გაიგზავნა, მოლოდინი გვქონდა, რომ შინაარსობრივი დისკუსია შედგებოდა. თუმცა ამის ნაცვლად ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოსდა ბრძოლის ველზე მიდიოდნენ და ერთმანეთს გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ, არამედ რადგან, ვეტო მარგველაშვილმა დაადო, მის წინააღმდეგ საჭირო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება იყო. კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც საამაყოც კია, რადგან რაღაც მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით. როგორც ყოველთვის, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო. პარლამენტში ჩემს მიერ გამოტანილი მოტივირებული შენიშვნები ეროვნულ ბანკს შეეხებოდა. მაშინ, მოტივირებული შენიშვნებით თავიდან კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა ავიცილეთ. პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე არავის არასოდეს გარიგებია და არ გაურიგდება“, – დასძინა აბაშიშვილმა.

პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს.