რომან კაკულია - „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე მარტივი მიზეზით, ერთ-ერთს არ ვეთანხმები
რომან კაკულია - „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე მარტივი მიზეზით, ერთ-ერთს არ ვეთანხმები

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტზე მისი პოზიცია უცვლელია. რომან კაკულიამ კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის ვეტოს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ერთ-ერთ შენიშვნას არ ეთანხმება.

ადრინდელის მსგავსად, შემოთავაზებულ კანონპროექტს არ ვუჭერ მხარს – ჩემი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ-ერთ შემოთავაზებულ შენიშვნას არ ვეთანხმები და ამის გაზიარება ნიშნავდა იმასაც, რომ მაგალითად, სტარტაპების თემას უკვე უნდა დავეთანხმო უკვე შემოთავაზებულ კანონპროექტში, სადაც ჩვენ ასევე საწინააღმდეგო პოზიცია გვქონდა.

ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, ჩვენი პოზიციის საფუძველი რა იყო, ეს იყო რეკლამასთან დაკავშირებული გარკვეული უსამართლობის აღქმა სხვა განსაკუთრებით მცირე ტელევიზიების მიმართ. გასაგებია, რომ საუბარი იყო ხოლმე ევროპულ გამოცდილებაზე, მაგრამ ჩვენ ევროპულ კანონმდებლობას იმიტომ ვღებულობთ ზოგს ათი წლის დათქმით, ზოგს ხუთის და ა.შ. იმიტომ, რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ კონტექსტს, როდის გახდება ესა თუ ის ევროპული გამოცდილება შესაბამისი არსებულ კონტექსტთან და მიმაჩნია, რომ დღეს არ არის ჩვენთან ბაზარი ისეთნაირად განვითარებული, რომ სამართლიანობად აღვიქვათ ჩვენ ასეთი ტიპის ჩარევა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები უფრო მეტი ყურადღებით მოისმენენ მათ მოსაზრებას.

„სარეკლამო ბაზრის მზარდობა-არმზარდობაზე იყო საუბარი, წარმოდგენილი იყო გარკვეული მონაცემები, ამას ალბათ გადაამოწმებს ჩვენი უწყება, მაგრამ მზარდიც რომ იყოს რეკლამა, მაინც უსამართლოდ მიმაჩნია პირადად ეს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს არა მხოლოდ წარმატებულ ფუნქციონირებაში დაეხმარება, არამედ დაეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მთლიანობაში მის მიმართ გარკვეული სამართლოანობის განცდა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივმა კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტზე გადაწყვეტილება დღეს ვერ მიიღო.