სიკვდილი ვარსკვლავებისთვის ყოველთვის მარტივი საქმე არ არის. სინამდვილეში, ყველაფერი შეიძლება, საკმაოდ უცნაურად წარიმართოს. ასტრონომებმა ახლახან დააფიქსირეს ვარსკვლავი, რომელიც შედგება ერთმანეთთან შერწყმული ორი მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენებისგან, ბირთვში აღდგენილია სინთეზი და შედეგად, წარმოქმნილია ახალი ცოცხალი ვარსკვლავი.
მისი ოფიციალური სახელია J005311 და მდებარეობს ჩვენგან 10 000 სინათლის წლის მანძილზე, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით. ასტრონომთა ყურადღება მან იმის გამო მიიპყრო, რომ მდებარეობს პლანეტურ ნისლეულში, რომელიც თითქმის მხოლოდ ინფრაწითელ რადიაციას ასხივებს და საერთოდ არ აქვს ოპტიკური სინათლე.
კვლევა ბონის უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომებმა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ერთ-ერთი ავტორია მოსკოვში მოღვაწე ქართველი ასტრონომი ვასილი გვარამაძე.
ეს ფაქტი საკმაოდ უცნაურია და ამიტომაც, ასტრონომებმა მისი უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს. უცნაური ღრუბლის ქიმიური შემადგენლობის დასადგენად გამოიყენეს სპექტროსკოპი. სწორედ მაშინ გახდა ნისლეული კიდევ უფრო უცნაური — სპექტრულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ამ ობიექტში არ არის წყალბადი და ჰელიუმი.
თუმცა, სწორედ აქ დევს საიდუმლოს გასაღებიც. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები თავიანთ ბირთვებში ახდენენ წყალბადის სინთეზს ჰელიუმად. მაგრამ თეთრი ჯუჯები — 1-10 მზის მასის მქონე ვარსკვლავთა სიკვდილის შემდეგ დატოვებული ნარჩენები, ამას არ აკეთებენ.
სიცოცხლის განმავლობაში თავიანთ წყალბადის მარაგი მათ უკვე გარდაქმნილი აქვთ ჰელიუმად. როცა ეს პროცესი მთავრდება, ბირთვი იკუმშება და იწყებს ჰელიუმის გარდაქმნას ნახშირბადად და ჟანგბადად.
ამ სინთეზის დროს წარმოქმნილი რადიაციის წნევა ვარსკვლავის გარე ფენებს განავრცობს და ის წითელ გიგანტად გარდაიქმნება. თანდათანობით, როცა ჰელიუმიც ამოიწურება, ეს გარე ფენები კოსმოსში გაიტყორცნება და საოცრად კაშკაშა, მაგრამ ცივი ბირთვის — თეთრი ჯუჯას გარშემო წარმოიქმნება პლანეტური ნისლეული. თეთრი ჯუჯა პატარაა იმისათვის, რათა დარჩენილი ჟანგბადისა და ნახშირბადის სინთეზი განაგრძოს.
თუმცა, J005311 იმდენად ძლიერ კაშკაშებს, რომ შეუძლებელია ამას მხოლოდ ერთი თეთრი ჯუჯა ახერხებდეს — წარმოიდგინეთ, იგი ისე კშკაშებს, როგორც ამას 40 000 მზე იზამდა.
ცნობილია, რომ გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავთა უმეტესობა სულ მცირე, ორმაგია, ანუ ბინარული. როგორც LIGO-Virgo ტელესკოპთა ქსელი მიუთითებს, შესაძლოა, არც თუ ისე იშვიათი იყოს მკვდარ ვარსკვლავთა შერწყმებიც.
ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ J005311 ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი. მილიონობით წლის განმავლობაში, ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო მოძრაობდა; ისინი სულ უფრო უახლოვდებოდნენ ერთიმეორეს და ბოლოს, მოხდა გარდაუვალი — შეჯახება. ორი თეთრი ჯუჯა გაერთიანდა და წარმოიქმნა ერთი სხეული.
ბონის უნივერსიტეტის ასტრონომის, გეტც გრიფნერის განცხადებით, ასეთი მოვლენა უიშვიათესია და ირმის ნახტომში ასეთი ობიექტი სულ რამდენიმე უნდა იყოს.
აღნიშნულ ერთ ვარსკვლავს ორის მასა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუძლია წყალბადზე ან ჰელიუმზე უფრო მძიმე ელემენტთა სინთეზი. მართლაც, როგორც სპექტროსკოპიული დაკვირვებები მიუთითებს, J005311 მდიდარია ნახშირბადით და ჟანგბადით.
გარდა ამისა, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ვარსკვლავური ქარებიც, რომელთა სიჩქარეც წამში 16 000 კილომეტრს აღწევს. ამ ნაკადს ბირთვული სინთეზის თანმხლები რადიაცია წარმოქმნის.
მხოლოდ სინთეზს ასეთი ძლიერი ქარის წარმოქმნა არ შეუძლია. ორი თეთრი ჯუჯას შერწყმის შედეგად წარმოქმნილი უნდა იყოს უკიდურესად მძლავრი მაგნიტური ველიც. ამ ვარსკვლავურ ქარს მაგნიტური ველიც უნდა აჩქარებდეს და წარმოქმნიდეს J005311-ში შემჩნეულ ეფექტს.
როცა თეთრი ჯუჯას ქარები სუსტდება, თეორიულად, ის უნდა გადაიქცეს ცივ გუნდად, რომლელსაც შავ ჯუჯას უწოდებენ. მიჩნეულია, რომ ამ პროცესს ძალიან დიდი დრო სჭირდება და ასტრონომებს სჯერათ, რომ ის ჯერ საერთოდაც არ მომხდარა.
თუმცა, ასეთი ბედი სულაც არ უწერია J005311-ს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისმა კომბინირებულმა მასამ გადალახა ე. წ. ჩანდრასეკარის ზღვარი, ანუ სტაბილური თეთრი ჯუჯას მაქსიმალური მასა.
ტემპერატურა და ქარის სიჩქარე მიუთითებს, რომ ეს ვარსკვლავი ახლოს არის მისი ევოლუციის ამჟამინდელი სტაბილური ეტაპის დასასრულთან. როცა ის საწვავ ნივთიერებებს ამოწურავს, რამდენიმა ათას წელში იგი საკუთარი გრავიტაციითვე კოლაფსირდება, მოხდება ელექტრონებისა და პროტონების ნეიტრონებად სინთეზი და საბოლოოდ, დაიბადება დაბალმასიანი ნეიტრონული ვარსკვლავი.
მკვლევართა თქმით, ამ მოვლენის დროს ასევე უნდა წარმოიქმნას ნეიტრინოების ნათება და გამა-გამოსხივების აფეთქება, ისევე როგორც ძალიან სუსტი, Ic ტიპის სუპერნოვა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.