თვალწარმტაცი ნისლეულიდან ლაზერული გამოსხივება მოდის, მის შუაგულში რაღაც იდუმალი ხდება
თვალწარმტაცი ნისლეულიდან ლაზერული გამოსხივება მოდის, მის შუაგულში რაღაც იდუმალი ხდება

ჭიანჭველას ნისლეულის მტვრიან გულში რაღაც იდუმალი ხდება. მისი ორი სიმეტრიული ნაწილი წარმოქმნილია ვარსკვლავის სიკვდილისას გამოტყორცნილი მატერიისგან. მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი ფორმები ამ სახის ნისლეულთათვის მაინც უჩვეულოა.


ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ნისლეულის შუაგულში არსებული მკვრივი გაზები ბინარული (ორმაგი) მკვდარი ვარსკვლავის კომპანიონს მალავს. ახლახან ერთ-ერთი ძველი ტელესკოპის ახალი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დაფიქსირდა უიშვიათესი ლაზერული გამოსხივების ფენომენი, რომელიც მართლაც ადასტურებს მეორე ვარსკვლავის არსებობას.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინფრაწითელი ტელესკოპი — ჰერშელის კოსმოსური ობსერვატორია წლების განმავლობაში კოსმოსს სწავლობდა მზის გარშემო ორბიტიდან, საკმაოდ მოსახერხებელი წერტილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი სააგენტომ 2013 წელს ჩამოწერა, მის მიერ გამოგზავნილ ვრცელ მონაცემთა კოლექციაში ასტრონომები დღემდე პოულობენ ნამდვილ განძს.

ის იყო კოსმოსში გაშვებული ყველა დროის უდიდესი ინფრაწითელი ტელესკოპი. შეეძლო შეეხედა სამყაროს ყველაზე მტვრიან, ცივ და შორეულ ობიექტთა სიღრმეებში. „სიკვდილამდე“ ცოტა ხნით ადრე, მისმა მახვილმა თვალმა ჩვენგან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჭიანჭველას ნისლეულის დათვალიერებაც მოასწრო.

„როცა ჩვენ ჭიანჭველას ნისლეულს (ასევე ცნობილი, როგორც Menzel 3) ვაკვირდებით, ვხედავთ წარმოუდგენლად ჩახლართულ სტრუქტურას, რომელიც შედგება იონიზებული გაზისგან. მაგრამ ვერ ვხედავთ მის ცენტრში მდებარე ობიექტს, რომელიც ამ ყველაფერს წარმოქმნის“, — ამბობს ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ისაბელ ალემანი.

თუმცა, ჰერშელის ობსერვატორიის სენსიტიურობისა და ტალღის სიგრძეთა ფართო დიაპაზონის წყალობით, ასტრონომებმა დააფიქსირეს გამოსხივების უიშვიათესი ტიპი, რომელსაც წყალბადის რეკომბინაციის ხაზოვან ლაზერულ გამოსხივებას უწოდებენ. ამის საშუალებით კი შესაძლებელია ნისლეულის სტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს შესწავლა.

ეს მკვდარი ვარსკვლავი დიდად არ განსხვავდება ჩვენი მზისგან. როცა ასეთი ვარსკვლავები სიკვდილის პირას მიდიან, მათი ბირთვი იკუმშება და ცხელდება, გაზის გარე ფენები კი ივრცობა და კოსმოსში გაიტყორცნება. ამ პროცესთა შედეგად, ვარსკვლავი თანდათან თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

 

როცა ბირთვი გარკვეულ ტემპერატურამდე გაცხელდება, იგი აიონიზებს მიმდებარე გაზებს და მათ ნისლეულად გარდაქმნის.

ჭიანჭველას ნისლეულში დაფიქსირებულის მსგავსი ლაზერული გამოსხივება აქამდე სულ რამდენიმე სხვა ობიექტშია შემჩნეული. მისი წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვარსკვლავის სიახლოვეს არსებობს ძალიან მკვრივი გაზი.

ჰერშელის დაკვირვებათა თანახმად, გაზის სიმკვრივე ნისლეულის ბირთვში 10 000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ტიპურ პლანეტურ ნისლეულში. დაბალი სიმკვრივისაა ნისლეულის ორი გამოკვეთილი გარე ნაწილიც.

ასე იმიტომ ხდება, რომ როცა მომაკვდავი ვარსკვლავი მატერიას გარეთ გატყორცნის, პლანეტური ნისლეულის ცენტრი, როგორც წესი, ცარიელი რჩება. მაგრამ გამოდის, რომ ჭიანჭველას ნისლეულის ცენტრში რაღაც უჩვეულო ხდება. ყველაზე დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს მკვდარი ვარსკვლავის ბინარულ კომპანიონთან.

კვლევის თანაავტორის, ალბერტ ზილსტრას განცხადებით, ერთადერთი გზა, რომ გაზი ვარსკვლავის სიახლოვეს შენარჩუნდეს, არის ის, რომ მან ვარსკვლავის გარშემო, დისკოს სახით იბრუნოს.

ამ შემთხვევაში, ნისლეულის ცენტრში მათ მართლაც შენიშნეს მკვრივი დისკო, რომელიც დაახლოებით კიდეზე მოჩანს. ასეთი განლაგება ლაზერის სიგნალს აძლიერებს.

ზილსტრას თქმით, ეს დისკო მიუთითებს, რომ თეთრ ჯუჯას ჰყავს ბინარული კომპანიონი ვარსკვლავი, რადგან ამოტყორცნილი გაზის ბრუნვა ორბიტაზე, დისკოს სახით, ძალიან რთულია, თუკი კომპანიონი ვარსკვლავი მას საჭირო მიმართულებით არ გადაამისამართებს.

შეგიძლიათ ეს სცენარი ვიდეოში იხილოთ:

ლაზერული გამოსხივებასა და გაზის მაღალი სიმკვრივიდან გამომდინარე, მკვლევრებს სჯერათ, რომ სწორედ ეს ხდება ჭიანჭველას ნისლეულის შუაგულში.

მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილ მატერიას იჭერს ბინარული კომპანიონის გრავიტაცია და მას აკრეციული დისკოს ფორმას აძლევს.

„კვლევა გვიჩვენებს, რომ ჭიანჭველას ნისლეულის განსხვავებული ფორმები წარმოქმნილია ბინარული ვარსკვლავის სისტემის კომპლექსური ბუნებით, რაც გავლენას ახდენს მის ფორმებზე, ქიმიურ შემადგენლობასა და ვარსკვლავის სიცოცხლის ამ ბოლო ეტაპის ევოლუციაზე“, — ამბობს ESA-ს ჰერშელის პროექტის მეცნიერი გორან პილბრატი.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი