დაფიქსირებულია უახლოესი ვარსკვლავური სისტემის მიმართულებიდან მოსული იდუმალი რადიოსიგნალი — #1tvმეცნიერება
შესაძლო არამიწიერ ცივილიზაციათა რადიოსიგნალებზე მონადირე ასტრონომებმა დააფიქსირეს „დამაინტრიგებელი სიგნალი“, რომელიც მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა პროქსიმა კენტავრის მიმართულებიდან მოდის.
აღმოჩენის შესახებ მკვლევრები პუბლიკაციას ჯერ კიდევ ამზადებენ და მონაცემები ჯერ საჯარო არ არის. თუმცა, ამბობენ, რომ სიგნალი წარმოადგენს 980 მეგაჰერცი სიხშირის ვიწრო ნაკადს, რომელიც 2019 წლის აპრილსა და მაისში ავსტრალიაში განთავსებულმა პარკსის ტელესკოპმა დააფიქსირა.
პარკსის ტელესკოპი ჩართულია 100 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტ Breakthrough Listen-ში, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები მზის სისტემის მიღმიდან მოსულ რადიოსიგნალთა ტექნოლოგიურ წყაროებს ეძებენ. 980 მეგაჰერცის სიხშირის სიგნალი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და მეტად აღარ დაფიქსირებულა. სიხშირე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან როგორც Scientific American-ი შენიშნავს, ამ დიაპაზონის რადიოტალღებს ადამიანის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდები და თანამგზავრები არ გამოყოფს.
Breakthrough Listen-ი უჩვეულო სიგნალებს მუდამ აფიქსირებს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ეს სიგნალები ან დედამიწისეული წარმოშობისაა, ან მზის ბუნებრივი რადიოგამოსხივებაა, ანდაც მზის სისტემის მიღმა არსებული ბუნებრივი წყაროებიდან მოდის, რადგან კოსმოსში ბევრი რამ გამოყოფს რადიოტალღებს.
თუმცა, ეს კონკრეტული სიგნალი პირდაპირ პროქსიმა კენტავრის სისტემის მიმართულებიდან მოდის, რომელიც ჩვენგან 4,2 სინათლის წლით არის დაშორებული. კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რომ დაკვირვებისას სიგნალი ოდნავ წანაცვლდა, ისე, რომ პლანეტის მოძრაობით გამოწვეულ წანაცვლებას ჰგავდა. ცნობილია, რომ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის გარშემო ორი პლანეტა მოძრაობს, ერთი მათგანი დედამიწაზე 17 პროცენტით დიდი კლდოვანი (მყარი) პლანეტაა, მეორე კი გაზის გიგანტი.
მონაცემებთან შეხების მქონე ანონიმურმა წყარომ გამოცემა The Guardian-ს განუცხადა, რომ ეს სიგნალი არამიწიერი კომუნიკაციის პირველი სერიოზული კანდიდატია Wow! სიგნალის შემდეგ. ეს უკანასკნელი 1977 წელს დააფიქსირეს და თავიდან ისიც ტექნოლოგიურ ხელწერას ჰგავდა.
თუმცა, გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ახალი სიგნალიც ბუნებრივი წარმოშობისაა. მას სახელად უკვე უწოდეს BLC1.
მისი წყარო შეიძლება იყოს კომეტა ან მისი წყალბადის ღრუბელი, როგორც ეს Wow! სიგნალის შემთხვევაში აღმოჩნდა.
„ეს გახლავთ ყველაზე ამაღელვებელი სიგნალი, რაც Breakthrough Listen-ის პროექტის ფარგლებში დაგვიფიქსირებია“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი სოფია შეიკი, რომელიც Breakthrough Listen-ში სიგნალის ანალიზის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
არამიწიერ ცივილიზაციათა კომუნიკაციების ძებნის თანმხლები გამოწვევა ის არის, რომ არავინ იცის, როგორი შეიძლება იყოს მათი კომუნიკაცია; ამავე დროს, არავინ იცის არც რადიოტალღების ყველა შესაძლო ბუნებრივი წყარო სამყაროში. შესაბამისად, როდესაც რაიმე უჩვეულო სიგნალს ვაფიქსირებთ, რომელსაც ადვილი ბუნებრივი ახსნა არ გააჩნია, ძნელია, უცხოპლანეტელებზე არ გაიფიქრო.
ამ დროისათვის, მკვლევრებს მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ და არ არის გამორიცხული, რომ გამოქვეყნების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდეს დასკვნითი პასუხი.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.