COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-ში აქამდე უცნობი, „დამალული“ გენი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-ში აქამდე უცნობი, „დამალული“ გენი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-ის გენეტიკურ კოდში მკვლევრებმა იდუმალი გენი აღმოაჩინეს — ვირუსის გენომის სეგმენტი, რომელიც ამ დრომდე დიდწილად შეუმჩნეველი იყო.

ახლად იდენტიფიცირებულ გენს ORF3d უწოდეს და წარმოადგენს ე. წ. გადაფარული გენის მაგალითს — ერთგვარ გენს თავად გენის შიგნით, რომელიც ეფექტიანად იმალება ნუკლეოტიდების ხვეულში იმის გამო, რომ ემთხვევა სხვა გენების დაშიფრულ მიმდევრობებს.

„გენომის ზომის თვალსაზრისით, SARS-CoV-2 და მისი მონათესავეები არსებულთა შორის უგრძესი რნმ ვირუსებია; შესაბამისად, ისინი უფრო მეტ „გენომურ ხრიკებს“ ფლობენ, ვიდრე სხვა რნმ ვირუსები“, — განმარტავს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ბიოინფორმატიკოსი ჩას ნელსონი.

სინამდვილეში, ვირუსებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია ერთმანეთის გადამფარავი გენების ქონა და შესაბამისად, ეს აღმოჩენა დიდად მოულოდნელი არ არის.

გენეტიკურ მიმდევრობებში ურთიერთგადამფარავი გენების იდენტიფიცირება რთულია, რადგან გენომურ სკანირებას ხშირად ისინი მხედველობის მიღმა რჩება, როდესაც გენეტიკური კოდის ხვეულებს ამოწმებს; ის ინდივიდუალური გენების გამოსავლენად არის დაპროგრამებული და არა იმ ყოვლისმომცველ ისტრუქციათა დასანახად, რომლებიც საერთოა მიმდევრობაში დამატებითი გენების ნუკლეოტიდებს შორის.

SARS-CoV-2-ის მსგავს ვირუსთა კონტექსტში ეს შეიძლება იყოს სერიოზული უხილავი ზონა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მეცნიერები გამალებით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ ამ ვერაგი ვირუსის შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ მისი გენეტიკური შემადგენლობის გარკვეული ასპექტები კარგად არის შესწავლილი (მათ შორის არის მტკიცე კონსენსუსიც, რომ ის ლაბორატორიაში შექმნილი არ არის), ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით.

„გადაფარული გენების გამორჩენა ვირუსის ბიოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტების გამორჩენის საშიშროების წინაშე გვაყენებს. გადაფარული გენები შეიძლება ის ერთ-ერთი იარაღი იყოს, რომლითაც კორონავირუსებმა გამოიმუშავეს ეფექტიანად გამრავლების, მასპინძლის იმუნური სისტემის მოშლისა და ადვილად გადადების უნარი გამოიმუშავეს“, — ამბობს ნელსონი.

რაც შეეხება ახლად იდენტიფიცირებულ გენ ORF3d-ს, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებ, რატომ არის ის იქ წარმოდგენილი — გენომში, სხვა გენებს შორის მიმალული.

გენომური მონაცემთა ბაზების შემოწმებისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გენი აქამდეც იყო იდენტიფიცირებული, მაგრამ კორონავირუსის მხოლოდ იმ ვარიანტში, რომელიც პანგოლინებს აინფიცირებს (ჩინეთში, გუანსის ავტონომიურ რეგიონში).

გარდა ამისა, წარსულში მას შეცდომით მიანიჭეს არამონათესავე გენის — ORF3b-ის კლასიფიკაცია, რომელიც სხვა კორონავირუსებშია წარმოდგენილი, მათ შორის SARS-CoV-ში, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არის ერთი და იგივე რამ.

„ეს ორი გენი ერთმანეთს არ ენათესავება და შიფრავს სრულიად სხვადასხვა ცილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც SARS-CoV ORF3b-ის შესახებ ვიცით, არ გამოგვადგება SARS-CoV-2 ORF3d-ის შემთხვევაში“, — ამბობს ნელსონი.

ერთი რამ, რაც ამ იდუმალი გენის შესახებ COVID-19-ის პაციენტთა სისხლის შესწავლით ვიცით, არის ის, რომ ORF3d ავლენს ძლიერ პასუხს ანტისხეულისადმი.

ამ დროისათვის უცნობია, ასევე აღძრავს თუ არა T-ლიმფოციტებს ან სხვა რა ვირუსული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს გადაფარულ გენ ORF3d-ს. შეიძლება, ის შედარებით კეთილთვისებიანი იყოს, ანდაც არ იყოს.

„ჯერ არ ვიცით მისი ფუნქცია; არც ის ვიცით, არის თუ არა ის კლინიკურად მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩვენი პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას T-ლიმფოციტები აფიქსირებდნენ, ანტისხეულებისგან განსხვავებით. სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს ამ გენის წარმოშობის ამბავი“, — აღნიშნავს ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ბიოინფორმატიკოსი ჩას ნელსონი.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ აშკარაა — ახალი გენის აღმოჩენა ვირუსში, რომელსაც ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ 15 გენი აქვს, მნიშვნელოვანი წინსვლაა. რამდენად მნიშვნელოვანი, მეცნიერები ამის გარკვევას ახლა ცდილობენ.

კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია amnh.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.