ცოტნე კობერიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პოზიცია კოალიციაში შეთანხმებულია, მე ვიცე-მერობის კანდიდატი ვარ და ვიქნები ვიცე-მერი
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება.
„გირჩის“ პოზიცია ამ კოალიციაში შეთანხმებულია ჯერ კიდევ პირველი ტურების წინ. მე ვიცე-მერობის კანდიდატი ვარ და მე ვიქნები ვიცე-მერი, პირველი მოადგილე, რასაც ჰქვია. „გირჩთან“ მიმართებით ეს შეთანხმება უკვე დიდი ხანია, მიღწეულია. არის სხვა თანამდებობები, რომლებსაც სხვა პარტიის წევრები, ოპოზიციურად განწყობილი წევრები კოალიციურად გადაინაწილებენ. დღეს გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი პრობლემა შეიძლება, შეიქმნას ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
„სხვა მხრივ, მერი არჩევითია და ის აღმასრულებელი ორგანოა. მას ექნება იმხელა ლეგიტიმაცია, რომ ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციას შექმნის ქვეყანაში. თუ საკრებულო მას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება საკრებულოს მიერ პირდაპირ ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. ეს უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, ამაზე ყველა მოქალაქე იქნება პასუხისმგებელი, რომ ეგეთი საკრებულო ხელმეორედ ავირჩიოთ, რომელიც იდეაში არ ამტკიცებს იმ მერს და იმ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია. თუ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი არის, ხელი შეუშალოს ოპოზიციას, მაშინ ცხადია, ჩვენი მიზანი იქნება, ხალხის მიერ გამოთქმული ნება აღსრულდეს. ამისთვის მოვიმოქმედებთ ყველაფერს, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დაგეგმილი აქვს თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა, რომელშიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი.