ვახტანგ მეგრელიშვილი - ვულოცავ კოლეგებს, რომ საარჩევნო გაერთიანების შექმნაზე ჩამოყალიბდნენ, გაიხსნა სეზონი და დროა მეტი თავისუფლების, ჩვენთვისაც პრობლემა იყო, რომ ორი „გირჩი“ არსებობდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვულოცავ კოლეგებს, რომ საარჩევნო გაერთიანების შექმნაზე ჩამოყალიბდნენ, გაიხსნა სეზონი და დროა მეტი თავისუფლების, ჩვენთვისაც პრობლემა იყო, რომ ორი „გირჩი“ არსებობდა

ვულოცავ კოლეგებს, რომ ჩამოყალიბდნენ და საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. გაიხსნა სეზონი და დროა მეტი თავისუფლების. ჩვენთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, რომ ორი „გირჩი“ არსებობდა და ნამდვილად არ გვინდოდა, ამომრჩეველი დაგვებნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, რაც უფრო სწრაფად გაერკვევიან კონკურენტები საკუთარ პოზიციებში, „გირჩისთვისაც“ ბევრად კომფორტული იქნება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.

„წარმატებებს ვუსურვებ, როგორც ჯანსაღებს, „გირჩი – მეტი თავუსუფლებას“, ისე „დროას“ და იმ ხალხს, ვინც მათ შეუერთდება. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს სხვადასხვა მიმართულებაზე, იქნება ეს ლომჯარია, გვარამია თუ ასე შემდეგ. რაც უფრო სწრაფად გაერკვევიან ჩვენი კონკურენტები საკუთარ პოზიციებში, ჩვენთვისაც ბევრად კომფორტული იქნება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, მათთან თანამშრომლობა, კონკურენცია თუ ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ დავინახოთ, რა სურათი იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, – „რა მარკეტინგული გათვლა აქვს სუს-ის ფონზე გადაღებულ ვიდეორგოლს?“ – ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს ყველაზე წარმატებულ საკუთარ პოლიტიკურ აქტივობად სუს-ის წინ გამართული აქციები მიაჩნიათ.

„გახსოვთ მანქანების დამტვრევები, ნაგავი თუ ა.შ. ამ სტილის პარტიაა და, შესაბამისად, ალბათ თავიანთი ყველაზე წარმატებული პროექტის ალუზია გააკეთეს და სუს-ის წინ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანებაში სამომავლოდ ხომ არ მოიაზრებთ ნიკა მელიას და მის გუნდს, მეგრელიშვილის თქმით, ამ გაერთიანებაში მას უფრო ლომჯარია-გვარამია წარმოუდგენია.

„ვერ გეტყვით. მე უფრო ისეთი კანდიდატები წარმოვიდგინე, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ წუთას არ არიან. ვთქვათ, ლომჯარია-გვარამიას სახით. მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ პოზიტივები უფრო ჩანს ხოლმე. ამათზე უფრო ვიფიქრე, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.