ცოტნე კობერიძე - დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს
ცოტნე კობერიძე - დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს

ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი, ჩემზე კარგად იზამს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ. ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემზე კარგად იზამს. ჩემთვის უპირველესი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება. თუ თბილისი კალაძემ წააგო, გარდაუვალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარში მედგა, ვინც მენდო, მომისმინა. ვინც მიუხედავად ჩემი ასაკისა, ჩემ ნაფიქრებს სცა პატივი და ჩემ ლანძღვის მოდას ასაკის გამო არ აჰყვა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც პრაიმერისში მხარი დამიჭირა, ჩემი კამპანიის ხელმძღვანელს ნინა საჯაიას და ფანდრაიზერ კატო ზაქარეიშვილს.

ბოდიში მათ, ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე, ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე. ბოდიში ასევე მედიას, რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე, რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე. გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე. ყველაფერი ის, რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია. მე ვიცე-მერი ვიქნები, ვიცე-პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები, ადამიანების დარწმუნებას, რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი, რომ ჩემთვის რეგალიას, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდას ვთხოვ, არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას. ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.

ახლა მთავარია, კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან. დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს. დროებით“,- წერს ცოტნე კობერიძე, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური მთავრობის წარდგენისას განაცხადა, რომ მერობის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება.