ციმბირის ტუნდრა სრულად გაქრობის გზას ადგას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ციმბირის ტუნდრა სრულად გაქრობის გზას ადგას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

იმ შემთხვევაში, თუ სათბურის აირების გამოყოფა დრამატულად არ შემცირდება, 2500 წლამდე ციმბირის ტუნდრა შეიძლება გაქრეს.

მეცნიერთა პროგნოზით, საუკეთესო სცენარის მიხედვითაც კი, ამ ლანდშაფტის ორი-მესამედი, რაც ზრდის მოკლე სეზონით, ბალახის, ხავსების, ბუჩქებისა და ლიქენების საფარით გამოირჩევა — შეიძლება გაქრეს და დარჩეს მხოლოდ ორი ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან 2500 კილომეტრით იქნება დაშორებული.

ტუნდრის გაყინული ნიადაგის საფარის დნობასთან ერთად, ატმოსფეროში გამოიყოფა იქ შენახული დიდი ოდენობით სათბურის აირები, რაც მსოფლიო მასშტაბით დათბობას პოტენციურად უფრო აჩქარებს.

„ჩვენთვის შემაცბუნებელი იყო იმის ნახვა, რამდენად სწრაფად გადაიქცევა ტუნდრა ტყედ“, — ამბობს გერმანიის ალფერდ ვეგენერის პოლარულ და საზღვაო კვლევათა ინსტიტუტი ეკოლოგი შტეფან კრუზე.

მისი განცხადებით, ტუნდრის დაკარგვა დარტყმა იქნება არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისა და ადამიანის კულტურისთვის, არამედ შეიძლება გააუარესოს არქტიკის დათბობაც.

ბოლო ათწლეულებში არქტიკაში სულ უფრო თბება, დაახლოებით ორჯერ მეტად, ვიდრე დანარჩენ პლანეტაზე. აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) მონაცემებით, 1960-2019 წლებს შორის, არქტიკის რეგიონში ტემპერატურამ დაახლოებით 4 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. ამ სითბომ შეამცირა ზღვის ყინულის საფარი და გავლენას ახდენს არქტიკის ხმელეთზეც. ერთ-ერთი შედეგია ციმბირის ლარიქსის ტყეების ჩრდილოეთის მიმართულებით სვლა.

უცნობია, რა სიჩქარით ანაცვლებს ეს ტყე ბალახიანი, ბუჩქნარი ტუნდრის ეკოსისტემას. კრუზეს განცხადებით, კლიმატის საპასუხოდ ხეების ხაზის ცვლილება მთელ მსოფლიოში ერთნაირი არ არის.

ზოგიერთ ზონაში ხის ხაზებმა ჩრდილოეთით წაიწია. ზოგან სტატიკური დარჩა, ზოგიერთში კი უკან დაიხია. ციმბირის ტუნდრის წინა კვლევები ფოკუსირებული იყო მცირე ზონებზე, მაგრამ ადგილიდან ადგილამდე შეიძლება დიდი ცვალებადობა იყოს.

ამჯერად, კრუზემ და მისმა კოლეგამ, პროფესორმა ულრიკე ჰერცშუჰმა ახალი კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელმაც შეაფასა 4000 კმ სიგრძეზე გადაჭიმული ციმბირის ტუნდრის მთელი განფენილობა.

მოდელმა გაითვალისწინა ინდივიდუალური ხეების სიცოცხლის ციკლები: რამდენად შორს შეუძლიათ საკუთარი თესლების მიმოფანტვა, რამდენად კარგად იზრდებიან სხვა ხეებთან კონკურენციის პირობებში, ზრდის მაჩვენებლები ტემპერატურაზე დაყრდნობით, ნალექები და ზაფხულში გაყინული ნიადაგების ლღობის სიღრმე, რაც ტუნდრის რეგიონებში ხდება.

კვლევამ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ხეები დათბობის საპასუხოდ ჩრდილოეთის მიმართულებით სვლას იწყებენ, ისინი ამას სწრაფად აკეთებენ და სავარაუდოდ, უკანაც აღარ დაიხევენ, თუკი ტემპერატურა შემცირდება. იმ სცენარში, რომელშიც ნახშირბადის გამოყოფა 2100 წლისთვის ნულამდეა დაყვანილი და გლობალური ტემპერატურის მატება 2 გრადუს ცელსიუსს ქვემოთაა, 2500 წლისთვის უნდა გადარჩეს ამჟამინდელი ტუნდრის მხოლოდ 32,7 პროცენტი.

ეს მონაკვეთი ორ მინიტუნდრად გაიყოფა: ერთი ჩუკოტკაზე იქნება, შორეულ აღმოსავლეთში, მეორე კი ტაიმირის ნახევარკუნძულზე, შორეულ ჩრდილოეთში.

ცვლილებათა კასკადი

თუმცა, ასეთი შედარებით კარგი სცენარიც კი შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს ძალიან სწრაფ ქმედებათა გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუნდრისთვის შედეგები შეიძლება ძალიან მარტივად იყოს გაცილებით უარესი.

შუალედურ სცენარში, რომელშიც ნახშირბადის გამოყოფა შემცირებას 2050 წლამდე არ იწყებს, 2100 წლისთვის კი განახევრებულია, ლარიქსის ხეები 2500 წლისთვის ამჟამინდელი ტუნდრის მხოლოდ 5,7 პროცენტს ფარავს, არსებითად ანგრევს ეკოსისტემას.

თბილ გლობალურ სცენარში, ხეებმა ჩრდილოეთით შეიძლება 30 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლონ.

როდესაც კრუზემ და ჰერცშუჰმა გატესტეს, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ტემპერატურა დაიკლებდა მას შემდეგ, რაც ტუნდრა ტყედ გადაიქცევა, აღმოჩნდა, რომ ხეების ხაზი არც ისე სწრაფად იხევს უკან, როგორც დაწინაურდა. კრუზეს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხე თავს დაიმკვიდრებს, მას ბევრის გაძლება შეუძლია.

კვლევას პირდაპირ არ მოუხდენია იმის მოდელირება, რა შეიძლება დაემართოს ტუნდრის ბინადრებს, მაგალითად, ჩრდილოეთის ირმებს, მაგრამ პოპულაციების ორ რეგიონად გაყოფა, სადაც მათი ურთიერთშეჯვარება აღარ მოხდება, როგორც წესი, ცუდია სახეობათა გადარჩენისთვის.

ჩრდილოეთის ირემი წლის განმავლობაში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პირიქით მიგრირებს; უცნობია, რა გავლენას იქონიებს ტყის გაფართოება მის მიგრაციასა და სიცოცხლის ციკლზე.

შედეგებს დიდი ალბათობით ადამიანებიც იგრძნობენ. ადგილობრივი ხალხები, მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ ციმბირის ნენები ჩრდილოეთის ირმებს აშენებენ და მათზე ნადირობენ კიდეც.

„ეს კულტურა ნაწილობრივ ტუნდრაზეა დამოკიდებული. თუკი ის დაიკარგება, დიდი დანაკარგი იქნება კაცობრიობისთვის“, — ამბობს კრუზე.

ასევე ბოლომდე ცნობილი არ არის, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტუნდრის დაკარგვამ მომავალში დათბობაზე, მაგრამ ხავსებით, ბუჩქებითა და ბალახით დაფარული ტუნდრის მაღალი ხეებით ჩანაცვლებამ შეიძლება ყველაფერი გააუარესოს. თოვლით დაფარული ტუნდრა ღია უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ლარქსის ტყის საფარი; შესაბამისად, ტყეები უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, ვიდრე ტუნდრა, რაც პოტენციურად არქტიკას უფრო სწრაფად გახდის უფრო თბილს.

დამატებითმა სითბომ შეიძლება დააჩქაროს და გააღრმაოს ტუნდრს გაყინული ნიადაგების დნობა, რომლებიც დიდი ოდენობით სათბურის აირებს ინახავს — გლობალურად 1400 გიგატონამდე. გაყინული ნიადაგების ლღვობის შედეგად შეიძლება გამოიყოს როგორც აირები, ისე გამოთავისუფლდეს დიდი ხნის განმავლობაში გაყინული მიკრობები და ვირუსები.

კრუზეს განცხადებით, ცვლილებები სავარაუდოდ მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ ტუნდრის ჩანაცვლებაა ლარიქსის ხეებით. უფრო ცხელი ზაფხულები უფრო ღრმად გაალღობს გაყინულ ნიადაგებს, რომელთა ათვისებაც შემდეგ მარადმწვანე ხეებს შეეძლებათ.

ამ ხეებს ფოთლები მთელი წლის განმავლობაში ექნებათ და პოტენციურად, უფრო მეტ სითბოს შთანთქავენ, ვიდრე ლარიქსის ხეები. ტაიგის სამხრეთი მხარე, სადაც ტემპერატურა უკვე ახლაა უფრო მაღალი, ვიდრე ჩრდილოეთით, სავარაუდოდ კიდევ უფრო გათბება, რასაც მოჰყვება გვალვები და ხანძრები — რაც კიევ უფრო მეტ ნახშირბადს გამოყოფს ატმოსფეროში.

კვლევის შედეგები წარმოადგენს კიდევ ერთ მიზეზს, რომ სასწრაფოდ შევამციროთ წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვი.

კრუზეს თქმით, კვლევაში გამოყენებული მოდელის გამოყენება ასევე შესაძლებელია ციმბირის ტუნდრის ყველაზე მდგრადი ნაწილების გამოსავლენადაც. ეს ზონები შეიძლება პრიორიტეტი გახდეს საკონსერვაციო სამუშაოებისთვის.

კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.