გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება
გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება

ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ დამაბინძურებლები, რომლებიც მილიონობით ადამიანის პრევენცირებადი სიკვდილის უკან დგას, არაჯანსაღ დონემდე აზიანებს ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ.

„ჰაერის დამაბინძურებლებს იმაზე გაცილებით დიდი გავლენა აქვს გავლენა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ოფიცერი სოფი გამი ორგანიზაციის მიერ ახლახან განახლებული ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოს განმარტებისას.

117 ქვეყნის 6000-ზე მეტი ქალაქიდან აღებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 99 პროცენტი ახლა სუნთქავს ჰაერს, რომელიც უსაფრთხოების განახლებულ სახელმძღვანელოსთან შესაბამისობაში ვერ მოდის. ეს რაოდენობა მოიცავს მსოფლიოს ურბანულ ზონათა 80 პროცენტს.

ყოველი ჩასუნთქვისას, ჩვენს ფილტვებში ჩადის აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელსაც გამოყოფს მანქანების გამონაბოლქვი, სამშენებლო აღჭურვილობა, სამრეწველო ქვაბები, ელექტროსადგურები და ა. შ. ეს ნივთიერება ფილტვებში აღიზიანებს ჩვენი სასუნთქი გზების ნაზ ქსოვილებს, იწვევს ანთებათა ზრდას, ალერგიებს, ასთმას და ამცირებს ფილტვის ფუნქციას.

NO2 დიდად ზრდის ბავშვობის ასთმის განვითარების რისკსაც. ასევე დაკავშირებულია ახალშობილებში მცირე წონასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, თუნდაც მოკლევადიანი გამოვლინებით.

ჩვენ ასევე ვსუნთქავთ ჰაერში არსებულ წვრილ მყარ ნაწილაკებს (PM), რომლებიც მრავალი სხვადასხვა ნივთიერებისგან შედგება, მათ შორის, უდაბნოს ბუნებრივი მტვრის და ყველა სხვა სახის დამაბინძურებლისგან — მიკროპლასტიკის, სამზარეულოს ცეცხლის, მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო აქტივობების, წიაღისეული საწვავის წვის და ტყის ხანძრებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეთვალყურეობას უწევს მყარ ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრიც 10 μm (PM10) ან 2,5 μm (PM2.5) და უფრო ნაკლებია.

„მყარ ნაწილაკებს, განსაკუთრებით PM2.5-ს, ფილტვებში ღრმად შეღწევის უნარი შესწევთ, საიდანაც შედიან სისხლის ნაკადში და იწვევენ გულ-სისხლძარღვთა, ცერებროვასკულარულ და რესპირატორულ ზემოქმედებებს. არსებობს სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მყარი ნაწილაკები სხვა ორგანოებზეც ზემოქმედებს და იწვევს სხვა დაავადებებსაც“, — აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მყარი ნაწილაკების დონე უფრო დიდია განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე მდიდარ სახელმწიფოებში — PM10-ის უმაღლესი აღრიცხული დონე ინდოეთში ფიქსირდება, PM2.5-ის კი ჩინეთში, მაგრამ ასეთი სხვაობა ასე მკაფიო არ არის, როცა საქმე ეხება NO2-ს.

გლობალურად, 4000 ქალაქში ჩატარებული გაზომვიდან, ადამიანთა მხოლოდ 23 პროცენტი სუნთქავს NO2-ს უსაფრთხო დონეს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების სახელმძღვანელოში ჯდება. ამ ნივთიერების უმაღლესი კონცენტრაცია ხმელთაშუა ზღვის აუზში აღმოჩნდა.

შარშან, ასეთივე დასკვნამდე მივიდა შვეიცარიული კომპანია IQAir-ის მიერ ჰაერის ხარისხის შესახებ ჩატარებული კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მოხსენება. დადგინდა, რომ 2021 წელს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოს PM2.5-ს შესახებ.

IQAir-ის დასკვნით, 2021 წელს, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტყის ხანძრები აშშ-ში დამაბინძურებელ PM2.5-ის უდიდესი კონტრიბუტორი იყო 2020 წელთან შედარებით. ჰაერის დამაბინძურებლების პრობლემა აშშ-ში ყველაზე დიდი იყო დაბალშემოსავლიან საზოგადოებებში; ყველაზე დაბინძურებული ქალაქი კი აშშ-ში ლოს-ანჯელესი აღმოჩნდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ შარშან, ჩინეთის მრავალ ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეინიშნებოდა, მაგრამ მათ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ. საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად ცეცხლის გამოყენების გამო, განვითარებადი ქვეყნები დამატებითი გამოწვევების წინაშე დგანან.

„შოკისმომგვრელია, რომ როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მოხსენებით ირკვევა, არც ერთი დიდი ქალაქი ან ქვეყანა არ უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ ჰაერს საკუთარი მოქალაქეებისთვის. ეს მოხსენება წარმოაჩენს, თუ რამდენი რამ არის გასაკეთებელი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა სუნთქავს უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ ჰაერს. მოქმედების დრო სწორედ ახლაა“, — ამბობს IQAir-ის ხელმძღვანელი ფრენკ ჰამსი.

ორივე მოხსენება მიუთითებს, რომ ჰაერის დამაბინძურებლების გამო, თითქმის ყველა ჩვენგანი გულის დაავადებების, შეტევების, ფილტვის დაავადებებისა და კიბოების რისკის ზრდის წინაშე დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2016 წელს, ჰაერის დამაბინძურებლები, კონკრეტულად კი მხოლოდ PM2.5 გახდა დაახლოებით 4,2 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე საშიშ გამონაბოლქვს წიაღისეული საწვავი გამოყოფს, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე და ქრონიკულ დაავადებებთან; ასეთივე დამაბინძურებლების, მაგალითად ტყის ხანძრებისა და მტვრის შტორმები ხდება გაუარესებული გარემო პირობებიც. ორგანიზაცია მსოფლიოს მათი გამოყენების შემცირების ფართო და სისტემური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

გამოსავალი იგივეა, რასაც ამაოდ ვცდილობთ კლიმატის კრიზისი პრობლემის დასაძლევად: ელექტრომობილებზე გადასვლა, უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, განახლებად ენერგიაზე გადასვლა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის დანერგვა.

„ენერგიის შესახებ ამჟამინდელი შეშფოთება წარმოაჩენს სუფთა, ჯანსაღ ენერგოსისტემებზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობას. წიაღისეული საწვავის მაღალი ფასები, ენერგოუსაფრთხოება, ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების მხრიდან ჯანმრთელობაზე მომდინარე საფრთხეები, ხაზს უსვამს სწრაფი გადასვლის საჭიროებას ისეთ მსოფლიოზე, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეირუსი.

მაშინ, როცა რომ წიაღისეულ საწვავს ჯერ კიდევ ჯიუტად უყურებენ, როგორც ენერგიის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას, მიუხედავად უფრო იაფი, ჯანსაღი ალტერნატივებისა, ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ უმეტესი ჩვენგანი ყოველდღიურად რისკის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას, როცა მათში ფულს ვიხდით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მოხსენებას ჰაერის ხარისხის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია who.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.