ციმბირის ერთ-ერთ მღვიმეში გადაშენებულ ადამიანთა იდუმალი მოდგმის უძველესი ნამარხები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ციმბირის ერთ-ერთ მღვიმეში გადაშენებულ ადამიანთა იდუმალი მოდგმის უძველესი ნამარხები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა ადამიანთა იდუმალებით მოცული მოდგმის, დენისოველების ამ დრომდე უძველესი ნამარხები აღმოაჩინეს. 200 000 წლის წინანდელ ძვლებთან ერთად, მკვლევრებმა პირველად მიაგნეს თანამედროვე ადამიანთა ამ გადაშენებულ ნათესავებთან დაკავშირებულ ქვის არტეფაქტებსაც.

დენისოველები ადამიანის ოჯახური ხის გადაშენებული შტოს მიეკუთვნებიან, თანამედროვე ადამიანთა უახლოეს, ცნობილი ნათესავებს ნეანდერტალებთან ერთად; მათი ნაშთები პირველად დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინეს.

დენისოველთა ნამარხებიდან აღებული დნმ-ის ანალიზი მიუთითებს, რომ ერთ დროს ისინი შეიძლება ფართოდ იყვნენ გავრცელებული კონტინენტურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე, ოკეანეთში; ირკვევა ისიც, რომ დენისოველთა სულ მცირე ორი სხვადასხვა ჯგუფი თანამედროვე ადამიანთა ნათესავებთან არის შეჯვარებული.

ამ დრომდე, მეცნიერებს დენისოველთა მხოლოდ ექვსი ნამარხი ჰქონდათ აღმოჩენილი. ხუთი მათგანი ციმბირში, დენოსოვის მღვიმეში აღმოაჩინეს, ერთი კი ჩინეთში.

ახლახან, დენისოვის მღვიმეში მკვლევრებია კიდევ სამი ნამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერთა შეფასებით, ისინი დაახლოებით 200 000 წლისაა და წარმოადგენს უძველეს დენისოველებს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. აქამდე ჩვენთვის ცნობილი უძველესი დენისოველის ნაშთები დაახლოებით 122 000 – 194 000 წლის იყო.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა დენისოვის მღვიმეში აღმოჩენილი 3791 ძვლის ნამტვრევი შეისწავლეს. ისინი ეძებდნენ ცილებს, რომლებიც ამ გადაშენებული მოდგმის დნმ-ის წინა კვლევების მიხედვით, დენისოველებს ეკუთვნოდათ.

ნამტვრევებს შორის, მეცნიერებმა ადამიანის ხუთი ძვალი გამოავლინეს. ოთხი მათგანი საკმარის დნმ-ს შეიცავდა, რათა მათი იდენტობაც დადგენილიყო — ერთი ნეანდერტალი იყო, დანარჩენი სამი კი დენისოველი. გენეტიკურ მსგავსებებზე დაყრდნობით, მათგან ორი ნამარხი შეიძლება ან ერთ პირს ეკუთვნოდეს, ან ნათესავ ინდივიდებს.

„წარმოუდგენლად გახარებულები ვიყავით, როდესაც დენისოვის მღვიმის უძველეს შრეებში სამი ახალი დენოსოველის ძვალი გამოვავლინეთ. ეს შრეები შეგნებულად ამოვიღეთ მიზანში, სადაც აქამდე არც ერთი სხვა ადამიანის ნამარხი არ იყო აღმოჩენილი; ჩვენმა სტრატეგიამ გაამართა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვენის უნივერსიტეტის არქეოლოგი კატერინა დუკა.

დენისოველთა ნამარხების ასაკი მკვლევრებმა მიწის იმ შრეზე დაყრდნობით შეაფასეს, რომელშიც ისინი აღმოაჩინეს. ეს შრე ასევე შეიცავდა ქვის არტეფაქტებისა და ცხოველების ძვლების ნამტვრევებს, რაც შეიძლება სასიცოცხლო არქეოლოგიური აღმოჩენა იყოს დენოსოველთა ცხოვრებისა და ქცევის შესასწავლად.

აქამდე, დენისოველთა ნამარხები აღმოჩენილი იყო მხოლოდ შრეებში ასეთი არქეოლოგიური მასალების გარეშე ან შრეებში, რომლებიც ასევე შეიცავდა ნეანდერტალთა მასალებს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ დენისოველებს გაკეთებულია ის მასალები, რომლებიც მათი ძვლების ფრაგმენტებთან ერთად ვიპოვეთ“, — ამბობს დუკა.

ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს დენისოველები იმ დროს ცხოვრობდნენ, როდესაც წინა კვლევების მიხედვით, დღევანდელზე თბილი და კომფორტული იყო, ადამიანთათვის ხელსაყრელ გარემოში, სადაც მრავლად იყო ფართოფოთლოვანი ტყეები და ღია სტეპები.

მღვიმეში აღმოჩენილი დაკლული და დამწვარი ცხოველების ძვლები მიუთითებს, რომ დენისოველები შეიძლება ჭამდნენ ირმებს, გაზელებს, ცხენებს, ბიზონებსა და ბეწვიან მარტორქებს.

„შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დენისოველები კარგად იყვნენ შეგუებული საკუთარ გარემოს და იყენებდნენ მათთვის ხელმისაწვდომ ყოველ რესურსს“, — აღნიშნავს დუკა.

დენოსოველთა ძვლებთან ერთად, იმავე შრეში აღმოჩენილი ქვის არტეფაქტები ძირითადად საფხეკი იარაღებია, რომლებსაც სავარაუდოდ ცხოველების გასატყავებლად იყენებდნენ. ამ იარაღების მასალა სავარაუდოდ მღვიმის შესასვლელთან გამავალი მდინარიდან არის აღებული.

„მღვიმე სტრატეგიულ ადგილას იყო, წყლის წინ, ხეობის შესასვლელთან და დიდებული ადგილი უნდა ყოფილიყო სანადიროდ“, — ამბობს დუკა.

ახლად აღმოჩენილ ნამარხებთან დაკავშირებული ქვის იარაღებს პირდაპირი ანალოგები არ აქვს ჩრდილოეთ და ცენტრალურ აზიაში. თუმცა, გარკვეულწილად ჰგავს ისრაელში ნაპოვნ 250 000 – 400 000 წლის წინანდელ ნივთებს, პერიოდის, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ტექნოლოგიების უდიდეს ძვრებთან, მაგალითად, ცეცხლის რუტინულ გამოყენებასთან.

ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ იმ დროს, ამ მღვიმეში შეიძლება მხოლოდ დენისოველები არ ცხოვრობდნენ. მტაცებლების, მაგალითად, მგლებისა და გარეული ძაღლების ძვლები მიუთითებს, რომ დენისოველები ამ მტაცებლებს შეიძლება აქტიურად ეჯიბრებოდნენ მსხვერპლის მოპოვებაში და თავად მღვიმის დაკავებაში.

„ამ მომენტისთვის, ჩვენი ჯგუფი დენისოვის მღვიმესა და რამდენიმე სხვა აზიურ მღვიმეში მუშაობას აგრძელებს და იმედი გვაქვს, სულ მალე საინტერესო ახალი აღმოჩენები გვექნება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვენის უნივერსიტეტის არქეოლოგი კატერინა დუკა.

კვლევა Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.