აღმოჩენილია ბავშვების მიერ დატოვებული ხელის ანაბეჭდები, რომლებიც პრეისტორიული ხელოვნების უძველეს ნიმუშს წარმოადგენს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ბავშვების მიერ დატოვებული ხელის ანაბეჭდები, რომლებიც პრეისტორიული ხელოვნების უძველეს ნიმუშს წარმოადგენს — #1tvმეცნიერება

გაქვავებული ნაფეხურები, უფრო იშვიათად კი ხელის ანაბეჭდები მთელ მსოფლიოში გვხვდება; ყოველდღიური საქმიანობისას ადამიანთა მიერ დატოვებული ასეთი ნაკვალევები უცნაურ გეოლოგიურ მოქმედებათა წყალობით დღემდე შემორჩა. ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ტიბეტის მთიანეთში ბავშვების მიერ დატოვებული უძველესი ნაფეხურები და ხელის ანაბეჭდები აღმოაჩინა.

მკვლევართა მტკიცებით, ეს ნაკვალევი წარმოადგენს პარიეტალური ხელოვნების ყველაზე ადრეულ მაგალითს. პარიატელური ხელოვნება არის ნახატები ან გრავიურები კლდოვან ზედაპირზე, რაც ძირითადად მღვიმეებში გვხვდება, მაგრამ ტიბეტში აღმოჩენილი ნაკვალევი მღვიმეში არ არის.

კირქვა, რომელზეც ნაკვალევია დარჩენილი, ძვ. წ. 169 000 – 226 000 წლებს შორის პერიოდით თარიღდება. შედეგად, ეს ძეგლი ყველაზე ადრეულია მსოფლიოში ამჟამად ცნობილი ამ ტიპის ხელოვნების ნიმუშებს შორის.

ამას გარდა, ეს პირველი მტკიცებულება ტიბეტის მთიანეთის მაღალ ნაწილში ადამიანებისა და ჰომოს გვარის (ჰომინინები) სხვა წარმომადგენელთა არსებობის შესახებ. აღმოჩენა დიდ დახმარებას გაუწევს იმ კვლევებსაც, რომლებიც ბავშვებს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ არტისტებად განიხილავს.

პრეისტორიულ მღვიმეებში ხელის ფორმები ხშირად გვხვდება. ძირითადად, ხელი ორნამენტად არის გამოყენებული, პიგმენტები კი მისი კიდის იქითაც ვრცელდება. ამ დრომდე უძველესი და ყველაზე დახვეწილი ნიმუშები გვხვდება კუნძულ სულავესის მღვიმეებში და ესპანეთში, ელ-კასტილიოს მღვიმეში.

ტიბეტის მთიანეთის მაღალ ნაწილში, კესანგში, მკვლევართა ჯგუფმა გუანჯოუს უნივერსიტეტის მეცნიერ დევიდ ჟანგის ხელმძღვანელობით, ხელის ანაბეჭდები და ნაფეხურები ცხელი წყაროს მიერ წარმოქმნილ ტრავერტინზე აღმოაჩინა. ტრავერტინი მტკნარი წყლის კირქვაა, რომელსაც ხშირად სააბაზანოს ფილებად იყენებენ. ამ შემთხვევაში, ტრავერტინი წარმოქმნილი იყო გეოთერმული, ცხელი წყაროს მიერ.

ამის ანალოგია ის ნალექი, რომელიც თქვენს ჩაიდანშიც გროვდება. როდესაც რბილია, ტრავერტინზე ნაკვალევი ადვილად ემჩნევა, მაგრამ შემდეგ ქვავდება.

ტიბეტის ტრავერტინზე სავარაუდოდ ორი ბავშვის მიერ დატოვებული ხუთი ხელის ანაბეჭდი და ხუთი ნაფეხურია შემორჩენილი. ნაკვალევი ჩვეულებრივი სიარულისას წარმოქმნილს არ ჰგავს და უფრო მიზანმიმართულად დატოვებულს წააგავს.

უძველესი ნაფეხურები

ის ბავშვი, რომელმაც ნაფეხურები დაამჩნია, დაახლოებით შვიდი წლის უნდა ყოფილიყო, ხელის ანაბეჭდების დამტოვებელი კი 12 წლის. ასაკის შეფასება ნაკვალევის ზომებიდან გამომდინარე გააკეთეს, თანამედროვე ზრდის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.

ბავშვები ტალახში თამაშობდნენ მაშინ, როდესაც ჯგუფის სხვა წევრები ცხელ წყაროში ბანაობდნენ? ამის შესახებ არ ვიცით, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ ხელოვნების ნიმუში დატოვეს, გნებავთ პრეისტორიული გრაფიტი.

ტრავერტინი ჯგუფმა რადიომეტრული მეთოდით დაათარიღა, კირქვაში არსებული ურანის დაშლის მაჩვენებელზე დაყრდნობით. თარიღი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან დანალექი ძვ. წ. 169 000 – 226 000 წლებს შორის პერიოდით თარიღდება.

ეს შუა პლეისტოცენის პერიოდია (შუა გამყინვარების ხანა) და წარმოადგენს ტიბეტის მთიანეთში ადამიანთა არსებობის ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას.

ფაქტი გასაოცარია, თუ გავითვალისწინებ ზღვის დონიდან სიმაღლეს; კესანგი ზღვის დონიდან 2400 მეტრზეა და იქ საკმაო სიცივე უნდა ყოფილიყო გამყინვარებათშორის პერიოდშიც კი. ამას გარდა, ასაკიდან გამომდინარე, ეს გახლავთ პარიეტალური ხელოვნების უძველესი ნიმუში მსოფლიოში.

ნაკვალევში არაფერია ისეთი, რის საფუძველზედ დავადგენდით, ეს ბავშვები ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის წარმომადგენლები იყვნენ თუ არქაულ ადამიანთა რომელიმე გადაშენებული სახეობის.

არ არის გამორიცხული, ისინი არქაულ ადამიანთა ჯგუფს, სახელად დენისოველებს ეკუთვნოდნენ, რადგან ტიბეტის მთიანეთში ბოლო პერიოდში ამ სახეობის ჩონჩხების ნაშთებიც აღმოაჩინეს.

უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ნაკვალევი ხელოვნებად? ეს სუბიექტურ განსაზღვრებაზეა დამოკიდებული, მაგრამ კვალი განზრახ არის დატოვებული და აშკარა კომპოზიცია აქვს. რაც არ უნდა იყოს ეს ნაკვალევი, აშკარად გვიჩვენებს, რომ მაღალ მთაში, ბავშვები მშვენივრად იქცევდნენ თავს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.