წლების წინანდელი გაციება შესაძლოა, თქვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო იყოს, თუ მას ახალ კორონავირუსთან ბრძოლა მოუწევს.
ახალი კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ახალი კორონავირუსი არასოდეს გადაუტანია, შეიძლება მის წინააღმდეგ საბრძოლველი T-ლიმფოციტები ჰქონდეს. მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ამ უჯრედებმა (T-ლიმფოციტები) წარსულში უკვე ისწავლეს, როგორ ამოიცნონ და ებრძოლონ იმ კორონავირუსს, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. დიახ, ჩვეულებრივი გაციების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთი კორონავირუსია.
T-ლიმფოციტები სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია და ისინი გადამწყვეტია სხეულისათვის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის — ისინი ავლენენ და ანადგურებენ ინფიცირებულ უჯრედებს, ამავე დროს, B-ლიმფოციტებს ინფორმაციას აწვდიან, როგორ წარმოქმნან ახალი ანტისხეულები. როდესაც ინფიცირებული ხართ, თქვენი სხეული გამოიმუშავებს როგორც ანტისხეულებს, ისე სისხლის ამ თეთრ უჯრედებს.
ანტისხეულების დონე ინფექციის გადატანიდან რამდენიმე თვეში შეიძლება შემცირდეს, მაგრამ T-ლიმფოციტები ორგანიზმში წლობით რჩება და იგივე ვირუსის დაბრუნების შემთხვევაში, შეუძლია, მის წინააღმდეგ ბრძოლაში სხეულს მნიშვნელოვნად დაეხმაროს.
როგორც უახლესი კვლევა მიუთითებს, T-ლიმფოციტები, რომლებსაც ახსოვთ, როგორ ებრძოლონ სხვა კორონავირუსებს, ადამიანებს შეიძლება იმუნოლოგიურ საფუძველს აძლევდნენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.
„სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ აქვს ზოგ ადამიანს დაავადების მსუბუქი სიმპტომები, ზოგს კი ძალიან მძიმე“, — ამბობს ახალი კვლევის თანაავტორი ალესანდრო სეტე. თუმცა, იგი იქვე შენიშნავს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ უკვე არსებული იმონოლოგიური მეხსიერება გავლენას ახდენს COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანთა მდგომარეობაზე.
სეტეს ჯგუფმა 2015-2018 წლებში 25 ადამიანისგან აღებული სისხლის ნიმუშები შეისწავლა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს COVID-19 არასოდეს ჰქონიათ. ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ T-ლიმფოციტები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ახალი კორონავირუსის, ისე ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ოთხი ტიპის კორონავირუსის ამოცნობა.
აღმოჩენა ეფუძნება სეტეს მიერ მასში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც ის აღწერს 10 ადამიანს, რომლებსაც ახალი კორონავირუსი არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ მათ სხეულში აღმოჩნდა T-ლიმფოციტები, რომლებსაც მისი იდენტიფიცირება და შეპასუხება ძალუძთ.
მან ასევე ჩაატარა უფრო მსხვილი ანალიზები, რისთვისაც გამოიყენა მონაცემები აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, სინგაპურიდან და გაერთიანებული სამეფოდან. შედეგად, სეტემ დაასკვნა, რომ იმ ადამიანთა 20-50 პროცენტში, რომლებსაც ახალი კორონავირუსი არასოდეს გადაუტანიათ, სისხლის თეთრი უჯრედები მნიშვნელოვნად რეაგირებს COVID-19-ზე.
„ზოგადად, წინმსწრები იმუნური რეაქტიულობა მოსახლეობაში გარკვეული დონით არსებობს“, — წერს სეტე.
ასეთი დასკვნისათვის კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას გვთავაზობს ორი სხვა ახალი კვლევა.
პირველი გასულ თვეში გამოქვეყნდა და დაადგინა, რომ 68 ჯანმრთელი გერმანელიდან, რომლებსაც COVID-19 არასოდეს ჰქონიათ, ერთ-მესამედზე მეტს აქვს T-ლიმფოციტები, რომლებიც ვირუსზე რეაგირებდნენ. მეორე, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ კი დაასკვნა, რომ 37 ჯანმრთელი ადამიანიდან (რომლებსაც COVID-19 ასევე არასოდეს ჰქონიათ) ნახევარზე მეტს ჰქონდა შემორჩენილი T-ლიმფოციტები, რომლებიც ახალ კორონავირუსს სცნობდნენ.
Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ასევე შეისწავლა 23 ადამიანი, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ კიდევ ერთი კორონავირუსი — SARS-ი. აღმოჩნდა, რომ 17 წლის შემდეგაც კი, მათ ორგანიზმში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი SARS-ისათვის სპეფიციკური T-ლიმფოციტები. ახალ კორონავირუსს ეს T-ლიმფოციტებიც კარგად სცნობდნენ.
ასეთი შედეგების ყველაზე სავარაუდო ახსნა არის ფენომენი, რომელსაც ჯვარედინი რეაქტიულობა ეწოდება — ანუ, როდესაც ერთ ვირუსთან რეაგირებისთვის წარმოქმნილი T-ლიმფოციტები რეაგირებენ მსგავს, მაგრამ მანამდე უცნობ პათოგენზეც. ეს კი იმუნურ სისტემას დიდად ეხმარება.
„ბრძოლას ორგანიზმი მცირე უპირატესობით იწყებს — მის შეიარაღებაში არსებული საფუძველი ებრძვის ვირუსს, რომელსაც გამრავლება სურს“, — ამბობს სეტე.
ჯვარედინად რეაქტიული T-ლიმფოციტების გარეშე, თქვენს სხეულს თავდაცვის დაწყება ნულიდან უწევს, რაც გავლენას ახდენს შემოჭრილი ვირუსისადმი იმუნური სისტემის მიზანშეწონილ შეპასუხებაზე. შესაბამისად, როგორც ახალი კვლევის ავტორი ალესანდრო სეტე აღნიშნავს, ჯვარედინი რეაქტიულობის სხვადსხვა დონე შეიძლება ნიშნავდეს ვირუსისგან თავდაცვის სხვადასხვა დონეს.
„თუ T-ლიმფოციტების ძლიერი ან უკეთესი პასუხი აღმოგაჩნდათ, იმუნურმა სისტემამ ვირუსს პასუხი შეიძლება გაცილებით სწრაფად და ძლიერ გასცეს“, — ამბობს სეტე.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.