ჩვენი პლანეტა უფრო ფართო სტრუქტურის, მზის სისტემის ნაწილია, რომელსაც ფორმებსა და სტაბილურობას გრავიტაციის ძალა აძლევს. ჩვენი მზის სისტემა ათასობით მილიონ სხვა ვარსკვლავურ სისტემასთან ერთად გრავიტაციულად ჩაჭედილია გალაქტიკა ირმის ნახტომში. თავის მხრივ, ჩვენი გალაქტიკაც უფრო დიდი სტრუქტურის ნაწილია, სადაც ამ სტრუქტურის ფორმებს არა მხოლოდ გრავიტაცია, არამედ უკვე სამყაროს გაფართოებაც განაპირობებს.
ასტრონომიაში მეტნაკლებად ჩახედულთათვის, ამაში ახალი არაფერია.
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გარკვეული სინათლე მოჰფინა ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ერთ უცნაურ ნაწილს, სადაც შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად არაფერია; მას ადგილობრივ ვოიდს, ანუ სიცარიელეს უწოდებენ.
სამყაროს მასშტაბით გალაქტიკები თანაბრად არ არის გადანაწილებული. სივრცეში ისინი ფილამენტებსა და შეჯგუფებებს წარმოქმნიან.
ჩვენი ირმის ნახტომი მიეკუთვნება გალაქტიკათა შეჯგუფებას, რომელსაც ადგილობრივ ჯგუფს უწოდებენ.
ადგილობრივ ჯგუფში დომინირებს ირმის ნახტომი და მისი უფრო დიდი ძმა — ანდრომედა. ადგილობრივი ჯგუფის პოპულაციაში ასევე შედის მრავალი ჯუჯა გალაქტიკა, რომლებიც გრავიტაციულად ირმის ნახტომსა და ანდრომედას არიან მიწებებული.
ადგილობრივი ჯგუფი თავის მხრივ მიეკუთვნება უფრო დიდ სტრუქტურას, რომელსაც ლანიაკეას სუპერგროვას უწოდებენ და მოიცავს 100 000 გალაქტიკას.
ჩვენს გალაქტიკას ესაზღვრება განსხვავებული, ცარიელი ზონა, რომელსაც ადგილობრივ ვოიდს უწოდებენ. ადგილობრივი ვოიდი მიეკუთვნება ვრცელ კოსმოსურ სტრუქტურას, რომელშიც გალაქტიკები თითქმის არ არის. მეცნიერებს ჩვენი გალაქტიკის სამეზობლოს შესახებ უფრო ბევრის ცოდნა სურთ და სწორედ ამას ემსახურება Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელიც ადგილობრივი ვოიდის ზომას მიეძღვნა.
ჩვენი ირმის ნახტომი ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკათა მხოლოდ ერთადერთი ნაწილი როდია, იგი მიეკუთვნება ე. წ. ადგილობრივ ფურცელს. ეს გახლავთ გალაქტიკების ბრტყელი წყება, რომელიც ადგილობრივ ვოიდს ესაზღვრება.
ადგილობრივი ფურცელი ირმის ნახტომთან ერთად ასევე მოიცავს ადგილობრივი ჯგუფის სხვა წევრებსა და ზოგიერთ გალაქტიკას. ადგილობრივი ფურცლის დანარჩენ ნაწილთან ერთად, ირმის ნახტომი ვოიდის საწინააღმდეგო მიმართულებით 260 კმ/წმ სიჩქარით მიქრის.
მატერია სხვა მატერიასთან გრავიტაციით არის მიბმული. სწორედ ამიტომ ვხედავთ სამყაროს დიდმასშტაბიან რუკაზე ფილამენტურ და შეჯგუფებულ სტრუქტურებს. სწორედ ამიტომ არის სამყაროში ვოიდებიც (სიცარიელეები).
როდესაც ვოიდი წარმოიქმნება, იქ არაფერია რაიმე მატერიის მისაზიდად და ვოიდიც იზრდება. თუკი თითს სამყაროს შემთხვევით ადგილს დაადებთ, დიდი შანსია, რომ ის ვოიდი იყოს. სამყაროში სიცარიელე უფრო მეტია, ვიდრე მატერია.
კოსმოსური ნაკადი-3 ეწოდება ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს დაახლოებით 17 000 გალაქტიკის კრებულს და შეადგენს ადგილობრივი სიცარიელის განახლებული რუკის ნაწილს.
გრავიტაცია გალაქტიკებს ერთმანეთისკენ მოძრაობას უბიძგებს და ვოიდიც უფრო იხსნება. ადგილობრივი ვოიდი მეცნიერთა განსაკუთრებული საგანი იმიტომ არის, რომ მატერია, რომლისგანაც ირმის ნახტომი და დანარჩენი ადგილობრივი ჯგუფი შედგება, დიდი ალბათობით, სწორედ ადგილობრივი ვოიდიდან არის მოსული.
ამ ვოიდების შესწავლამ უდავოდ რაღაც ახალი უნდა გვითხრას ბნელი მატერიის შესახებაც. ადგილობრივი ვოიდის შესწავლა განსაკუთრებით რთულია, რადგან ის გადაჭიმულია ირმის ნახტომის ცენტრალური მასის უკან, რომელიც მას ჩვენი თვალთახედვის არეალიდან ბლოკავს.
ახალი კვლევის ავტორია ჰავაის ასტრონომიის ინსტიტუტის უნივერსიტეტის მკვლევარი ბრენტ ტალი. მან და მისმა ჯგუფმა ეს დაბრკოლება გალაქტიკათა მოძრაობაზე დაკვირვებით დაძლია; ამის შემდეგ, მათ გარკვეული დასკვნა გამოიტანეს ამ მოძრაობაზე პასუხისმგებელი მასის შესახებ.
ეს მოძრაობა გამოწვეულია არა მხოლოდ გრავიტაციით, არამედ სამყაროს გაფართოებითაც. მოძრაობის საფუძველზე, მასის გადანაწილების გარკვევასთან ერთად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე შექმნა სამყაროს ჩვენი ადგილობრივი სამეზობლოს სამგანზომილებიანი რუკა.
მიღებულ მონაცემთა საფუძველზე მათ შეადგინეს კოსმოგრაფიული რუკა, რომელიც ასახავს საზღვარს მატერიასა და სიცარიელეს შორის და განსაზღვრავს ადგილობრივი ვოიდის კიდეს. იგივე მეთოდი ტალიმ და მისმა ჯგუფმა 2014 წელსაც გამოიყენა ჩვენი მშობლიური სუპერგროვის განფენილობის დასადგენად, რომელიც ასი ათასზე მეტ გალაქტიკას მოიცავს. მას ლიანაკეას უწოდებენ და ჰავაურ ენაზე „უზარმაზარ სამოთხეს“ ნიშნავს.
ზემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ კვლევის შედეგებს ვიზუალურად გაეცნოთ.
საინტერესოა, რა დასკვნამდე მივიდნენ ასტრონომები?
2007 წელს ტალიმ დაადგინა, რომ ვოიდი ფართოვდება. ამ დასკვნამდე ის ვოიდში არსებული ჯუკა გალაქტიკის საფუძველზე მივიდა. მისი საშუალებით ასევე გაარკვია ვოიდის ზომა.
ჯუჯა გალაქტიკა ვოიდში 350 კმ/წმ სიჩქარით მიჰქროდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ვოიდი უზარმაზარია და სულ მცირე 150 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ჯუჯა გალაქტიკა, მით უფრო სუსტი უნდა იყოს ვოიდის გრავიტაცია.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ასტრონომები აქტიურად ცდილობენ გაერკვნენ ირმის ნახტომის, მეზობელი ანდრომედასა და მათი მეზობელი პატარა გალაქტიკების მოძრაობაში. ყველა მათგანი სამყაროს ზოგად გაფართოებას თავს არიდებს დაახლოებით 600 კმ/წმ სიჩქარით.
როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამ მოძრაობის დაახლოებით ნახევარი წარმოქმნილია „ადგილობრივად“, ახლომდებარე ქალწულის სუპერგროვის გრავიტაციისა და ადგილობრივი ვოიდის გაფართოებაში ჩვენი ჩართულობის კომბინაციის შედეგად.
ალბათ საკმაოდ შემზარავია ცხოვრობდე უზარმაზარი სიცარიელის გვერდით, რომელიც 150 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, როცა ასე ახლოს არის უბრალოდ არარაობა.
ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ დღესაც ამ სიცარიელემ გვშთანთქას, სამაგიეროდ, უფრო მეტად მოსალოდნელია საპირისპირო სცენარი. ვოიდში მატერიის ნაკლებობა ნიშნავს მცირე გრავიტაციას და ჩვენი გალაქტიკა ვოიდის ცენტრს ნელ-ნელა შორდება, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი ფურცლის სხვა გალაქტიკების მიმართ ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ვოიდი გარკვეულ ცნობებს მოგვაწვდის ირმის ნახტომის წარმოშობასთან დაკავშრებით.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.