უზარმაზარ კოსმოსურ სიცარიელეთა საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია
უზარმაზარ კოსმოსურ სიცარიელეთა საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია

გალაქტიკებს შორის არსებული ცარიელი სივრცის, ე. წ. ვოიდების კვლევით, მართლაც ბევრი რამის სწავლა არის შესაძლებელი. პირველად ისტორიაში, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ასტრონომებმა სამყაროს ამ იდუმალ, ცარიელ ჯიბებში შეხედვა შეძლეს.

კოსმოსური ვოიდები სამყაროს გაფართოების შედეგად არის წარმოქმნილი. ამ პროცესის შედეგად, მატერიის აბლაბუდაში, გალაქტიკათა დამაკავშირებელ ფილამენტებს შორის ჩნდება სიცარიელე.

კოსმოსური ვოიდების დაფიქსირება შესაძლებელია ე. წ. კოსმოსური მიკროტალღური ფონით (CMB), რომელიც წარმოადგენს დიდი აფეთქების ნარჩენ ელექტრომაგნიტურ რადიაციას.


კოსმოსური მიკროტალღური ფონი სამყაროში გაჩენილი პირველი სინათლეა, რომელშიც, კოსმოსური ვოიდები ურთიერთკავშირშია ტემპერატურასთან. უფრო ცხელი რეგიონები ნიშნავს უფრო მეტი ფილამენტის არსებობას, ცივი რეგიონები კი სიცარიელის, ვოიდების.

ახლახან, პირველად ისტორიაში, კოსმოსურ ვოიდთა შესასწავლად მკვლევრებმა კოსმოსური მიკროტალღური ფონის რუკა გამოიყენეს.

ოქსფორდის უნივრსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დევიდ ალონსოს ხელმძღვანელობით, კოსმოსური მიკროტალღური ფონის რუკაზე დაიტანა 774 კოსმოსური ვოიდი, რათა უკეთესად შეესწავლათ მათში მოლივლივე გაზის თვისებები.

მათ გამოიყენეს სპექტროგრაფ Baryon Oscillation Spectroscopic Survey (BOSS)-ის მიერ შეგროვებული მონაცემები. ეს ინსტრუმენტი აღრიცხავს ადრეულ სამყაროში არსებულ ხმოვან ტალღებს, რომლებიც კოსმოსში ისე ლივლივებდნენ, როგორც აუზში კენჭის ჩაგდების შედეგად წარმოქმნილი ტალღები. ამ ჭავლების დაფიქსირება სამყაროში დღემდე შესაძლებელია, ჩვეულებრივ მატერიაში არსებული რყევების შედეგად.

გარდა ამისა, ეს ტალღები მიუთითებს კოსმოსურ ვოიდთა ადგილმდებარეობაზე მთელი სამყაროს მასშტაბით. სწორედ ეს მონაცემები დაუპირისპირა ჯგუფმა კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს. ამის შემდეგ, გაზის თვისებების გარკვევის მიზნით, თითოეულ ვოიდში არსებული ფონის ფოტონთა ენერგია მოდელირებულ ელექტრონთა წნევას შეადარეს.

როგორც მათ აღმოაჩინეს, ვოიდებს შიგნით წნევა კოსმოსის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რაც სულაც არ ყოფილა მოულოდნელი შედეგი. ვოიდებში ბევრი მატერია არ არის და შესაბამისად, ბევრი იქ არც არაფერი ხდება.


გარდა ამისა, ასტრონომებმა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაარკვიეს — ვოიდებში არსებული გაზი სავარაუდოდ, მოსალოდნელზე უფრო თბილია.

„თუ ამ მიგნებებს გულდასმით შევისწავლით, შესაძლოა ვიპოვოთ ნიშნები, რომ სუპერმასიური შავი ხვრელებიდან გამოტყორცნილი უმძლავრესი ნაკადები (ჯეტები) ენერგიას გალაქტიკათშორის გაზში გადატუმბავს და კოსმოსს ფორმების მიღებაში ეხმარება“, — ამბობს მკვლევარი კრისტოფერ კროკეტი.

ეს მართლაც უზარმაზარი ახალი ამბავი იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ კიდევ ერთ გარემოებას — სუპერმასიურ შავ ხვრელთა ქარები შესაძლოა, ფორმას აძლევდნენ თავიანთ გალაქტიკებს. ალბათ საოცარი იქნება, თუ იგივე გავლენას ისინი ვოიდებზეც ახდენენ, რომლებიც ხშირად მილიარდობით სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ. ყველაფერს ალბათ საბოლოოდ გაარკვევს ამჟამად მშენებარე უმძლავრესი ტელესკოპები, რომლებიც უახლოს წლებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

კვლევა ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვყნდა.

მომზადებულია physics.aps.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი