ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უზარმაზარი იდუმალი ზოლი აღმოაჩინეს
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უზარმაზარი იდუმალი ზოლი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მკაფიო ფოტო გადაუღეს ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო დაკლაკნილ „ძაფს“, რომლის სიგრძეც 2,3 სინათლის წელია.

თავად ეს სტრუქტურა 2012 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ახალი სურათი მეტყველებს, ჩვენი გალაქტიკის ბნელ გულთან არსებული ეს გრძელი ხაზი სრულიად იდუმალია. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ხედი უფრო ავიწროვებს ვერსიებს, თუ რა შეიძლება იყოს ის, მტკიცე პასუხისგან ასტრონომები ჯერ მაინც შორს არიან.

მკვლევართა მცირე ჯგუფმა ახალი ფოტო ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის (NRAO) ტელესკოპ Very Large Array-ს გამოყენებით გადაიღო, უფრო მკვეთრი დეტალების მისაღებად კი ვიზუალიზაციის ახალ ტექნიკას მიმართა.

მიღებულ შედეგს ფოტოზე ხედავთ მთელი თავისი დიდებულებით.

უმეტესი ჩვენგანისთვის, ეს ფოტო ალბათ უფრო ადუღებულ ჯოჯოხეთს წააგავს. მაგრამ ასტრონომთათვის, ის ამაღელვებელი შეკითხვაა პასუხის საძიებლად.

„მეცნიერების მღელვარების განუყოფელი ნაწილია წაბორძიკება საიდუმლოსთან, რომლის ამოხსნაც ადვილი არაა“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზკის ცენტრის ასტრონომი ჟუნ-ჰუი ჟაო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პასუხი არ გვაქვს, მის საძიებლად მიმავალი ბილიკი მომაჯადოებელია. ეს შედეგი ასტრონომებს შემდეგი თაობის რადიოტელესკოპების შექმნის მოტივაციას აძლევს“.

კოსმოსის ამა თუ იმ რეგიონში განფენილი გაზის გრძელი ნაკადების ან ნაწილაკთა კაშკაშა ზოლების პოვნა სულაც არაა უჩვეულო.

ახლად აღმოჩენილის მსგავს სტრუქტურებს არათერმულ რადიო ფილამენტებს (NRF) უწოდებენ. ჩვენი გალაქტიკის შუაგულის გარშემო ტივტივისას, ისინი ადრეც იყო შემჩნეული. უმეტესი მათგანი ძალიან გრძელია, მაგრამ მათი წარმოშობის საკითხი კვლავ იდუმალებით რჩება მოცული.

თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ მათ რაღაც საერთო ჰქონდათ ირმის ნახტომის მაგნიტურ ველებთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც უცნაური მიმართულებებით გაფანტული კიდევ უფრო მეტი ფილამენტი აღმოაჩნეს, ეს მოსაზრება მალევე მოისროლეს სანაგვეში.

ეს კონკრეტული შემთხვევა განსაკუთრებით უჩვეულოა იმით, რომ როგორც ირკვევა, იგი იმყოფება მშვილდოსანი A*-ს მოვლენათა ჰორიზონტზე. მშვილდოსანი A* ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული უზარმაზარი შავი ხვრელია, რომელიც მზეზე 4 მილიონჯერ მძიმეა.

ეს კი გარკვეულწილად დამაინტრიგებელ შესაძლო ახსნას გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოყოფენ ნაწილაკთა გრძელი მწკრივები სინათლეს ელექტრომაგნიტური სპექტრის რადიოტალღათა ნაწილში.

პირველ რიგში, განვიხილოთ ყველაზე ნაკლებ ამაღელვებელი ვარიანტი — შესაძლოა, ის სულაც არაა რაღაც მართლაც ამაღელვებელი. უბრალოდ, არის „წისქვილიდან“ გაქცეული არათერმულ რადიო ფილამენტი (NRF), რომელიც შავ ხვრელს მიუერთდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შეიძლება იყოს გალაქტიკური თმის ასტრონომიული ეკვივალენტი ობიექტივის წინ. მაგრამ როგორც ასტრონომები აცხადებენ, ეს ვარიანტი უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საერთოდაც ვერ გამოვრიცხეთ.

რჩეული ჰიპოთეზის მიხედვით, ეს ძაფი შედგება მშვილდოსანი A*-დან გამოტყორცნილი ნაწილაკებისაგან.

შავ ხვრელში ჩამავალ ნაწილაკთა მორევს ძლიერი მაგნიტური ველის წარმოქმნა შეუძლია, რომელიც თავის მხრივ, ნაწილაკთა აქსელერატორის (ამაჩქარებელი) როლს ასრულებს. კაშკაშა ნაკადის ახსნა შეუძლია გარკვეულ სიჩქარეზე ჩამწკრივებულ დამუხტულ ნაწილაკებს.

კიდევ ერთი, ნაკლებ სავარაუდო, მაგრამ უფრო ამაღელვებელი შესაძლებლობის მიხედვით, სინამდვილეში იგი კოსმოსური სიმის სახელით ცნობილი ჰიპოთეტური ობიექტია.

მიჩნეულია, რომ კოსმოსური სიმები წარმოუდგენლად მასიური ერთგანზომილებიანი ტოპოლოგიური დეფექტია, რომელიც კოსმოსის გაფართოების კვალდაკვალ წარმოიქმნება ვაკუუმის განსხვავებულ ნაწილებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ისინი კოსმოსის ნაპრალებს ჰგავს, რომლებიც მაშინ წარმოიქმნა, როცა ჩვენი ახალშობილი სამყარო საკუთარ თავს ჭიმავდა, აფართოებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საგნები აბსოლუტურად მასიური უნდა იყოს, თუკი კოსმოსური სიმები არსებობს, გალაქტიკის ცენტრი სწორედ შესაფერისი ადგილი უნდა იყოს მათ საძებნელად.

აღსანიშნავია, რომ ჯერ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, რადგან ასტრონომები ჯერ კიდევ აგროვებენ მონაცემებს, რათა რომელიმე ჰიპოთეზა ან გამოირიცხოს, ან დამტკიცდეს.

მაგრამ რაც არ უნდა იყოს იგი, ამ უცნაური ფილამენტის ბუნების გარკვევა ნამდვილად წაადგება ასტრონომიას. თუკი მისი ნაწილაკები მშვილდოსანი A*-ს მიერაა ამოტყორცნილი, ამან კიდევ უფრო მეტი უნდა გვასწავლოს ამ ძლიერ ქაოტური ზონის მაგნიტური ველების შესახებ.

თუმცა ამავე დროს, კოსმოსური სიმების შემჩნევა თვის მხრივ ფუნდამენტური აღმოჩენა იქნება, რომელიც ძალიან ბევრს გვეტყვის სამყაროს ღრმა ბუნებისა და მისი წარმოშობის შესახებ.

„ნადირობას მანამ გავაგრძელებთ, სანამ ხელთ არ გვექნება სოლიდური ახსნა ამ ობიექტის შესახებ. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, გადავიღოთ კიდევ უფრო მეტი, უკეთესი სურათი“, — ამბობს ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის მკვლევარი მილერ გოსი.

სხვა რა დაგვრჩენია, დაველოდოთ…

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cfa.harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი