ახლომდებარე ვარსკვლავთან ასტრონომებმა სამი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იყოს.
სამივე პლანეტა კლდოვანია და თითქმის დედამიწის ზომის. გარე პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ იძლევა ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობის საშუალებას.
დედავარსკვლავის სახელია გლიზე 1061, მდებარეობს ჩვენგან 12 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს მზის სისტემის მე-20 უახლოეს მეზობელს. მის სამ პლანეტას ასტრონომებმა გლიზე 1016 b, გლიზე 1016 c და გლიზე 1016 d უწოდეს.
მკვლევართა ჯგუფმა მეოთხე პლანეტის არსებობის ნიშნებიც დააფიქსირა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში ის ვარსკვლავური აქტივობა იყო.
გლიზე 1061 წითელი ჯუჯაა. Ამ ტიპის ვარსკვლავები ცივი და მკრთალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ცხელი, კაშკაშა ვარსკვლავების, მაგალითად, ჩვენი მზის შემთხვევაში. ვარსკვლავთან ახლომდებარე პლანეტების აღმოჩენა კი გაცილებით იოლია.
შედეგად, ასეთ ვარსკვლავთა პლანეტები დიდებული სამიზნეა არამიწიერი სიცოცხლის არსებობისათვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სიცოცხლისთვის უდავოდ ხელსაყრელია.
წითელი ჯუჯა ვარსკვლავები ხშირად მოუსვენარი, ველური ობიექტებია, რომლებსაც ხშირი ვარსკვლავური ამოფრქვევები ახასიათებთ.
ასეა ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის გარშემო აღმოჩენილი პლანეტის, პროქსიმა b-ის შემთხვევაშიც; ეს კლდოვანი ეგზოპლანეტა დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს.
გლიზე 1061 საკმაოდ ჰგავს პროქსიმა კენტავრის, მაგრამ არის ერთი უმთავრესი განსხვავება — იგი გაცილებით წყნარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალია სიცოცხლისუნარიანობის შანსიც.
სამივე პლანეტა რადიალური სიჩქარის მეთოდით აღმოაჩინეს.
ეგზოპლანეტათა უმეტესობას ასტრონომები ტრანზიტის მეთოდით პოულობენ; ამ დროს, აკვირდებიან ციცქნა ჩაბნელებებს ვარსკვლავის სინათლეში, რაც გამოწვეულია ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის პლანეტის ჩავლით. თუმცა, არის ვარსკვლავები, რომელთა პლანეტების ორბიტების კუთხეც ისეთია, რომ ისინი არასოდეს ჩაივლის ჩვენსა და ვარსკვლავს შორის. ამ შემთხვევაში, პლანეტების აღმოჩენა შესაძლებელია გრავიტაციის გამოყენებით.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს უფრო ფიქსირებული პოზიცია აქვს, სინამდვილეში, პლანეტები და ვარსკვლავი გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ. როგორც წესი, ეს წერტილი ვარსკვლავის წიაღში მდებარეობს, რადგან ის პლანეტებზე გაცილებით მასიურია; თუმცა, ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, პლანეტების გრავიტაცია მასზე მცირე, მაგრამ გარკვეულ გავლენას ახდენს.
ზუსტი ხელსაწყოების გამოყენებით, ვარსკვლავის ასეთი რხევის წყალობით შესაძლებელია არა მხოლოდ იქ არსებულ პლანეტათა დაფიქსირება, არამედ მათი მასის დადგენაც.
გლიზე 1061-ის პლანეტების მასა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ყველაზე შიდა პლანეტას, გლიზე 1016 b-ს 1,38 დედამიწის მასა აქვს; შუა პლანეტას, გლიზე 1016 c-ს 1,75 დედამიწის მასა; ყველაზე გარეთ მდებარე, გლიზე 1016 d კი ჩვენს პლანეტაზე 1,68-ჯერ მასიურია.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მასები გაზოვან პლანეტებში თითქმის არ გვხვდება, ადვილი მისახვედრია, რომ სამივე პლანეტა კლდოვანია.
სამივე მათგანი დედავარსკვლავს გარს იმაზე ახლოდან უვლის, ვიდრე ჩვენს მზეს თავის რომელიმე პლანეტა. გლიზე 1016 b-ს ერთი შემოვლისთვის 3,1 დღე სჭირდება; გლიზე 1016 c-ს 6,7 დღე; გლიზე 1016 d-ს კი 13 დღე. ვარსკვლავი იმდენად ცივია, რომ მიუხედავად ასეთი ახლო მანძილებისა, გლიზე 1016 d სასიცოცხლო ზონაშია, დანარჩენი ორი პლანეტა კი მის შიდა კიდეზე.
მკვლევართა აზრით, ვარსკვლავი ახლა შეიძლება საკმაოდ წყნარია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დიდი აქტივობით გამოირჩეოდა უახლოეს წარსულში. ამ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, ვარსკვლავის რადიაციას რომელიმე პლანეტაზე რაიმე სახის სიცოცხლე გადარჩენოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სასიამოვნოა, როცა ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში კლდოვან ეგზოპლანეტებს ვპოულობთ. ეგზოპლანეტათა არქივის მონაცემებით, მზის სიახლოვეში (32,6 სინათლის წლის რადიუსში) 70 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. მრავალი მათგანი პატარა და სავარაუდოდ კლდოვანია.
სულ რაღაც ერთი თვის წინ, ჩვენგან 12,5 სინათლის წლის მანძილზე, ტიგარდენის ვარსკვლავთან, ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი ორი პლანეტა აღმოაჩინეს. მიჩნეულია, რომ წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა სულ მცირე ნახევარს კლდოვანი პლანეტები ჰყავს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.