ჩვენ დღეს ძალიან გვტკივა ლუკა სირაძე - მარი მალაზონიას ემოციური მიმართვა [ვიდეო]

ჩვენ დღეს ძალიან გვტკივა ლუკა სირაძე, ეს არის ტკივილი, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირი ეთერში 15 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ მოზარდთან დაკავშირებით გაკეთებული ემოციური მიმართვისას განაცხადა.

„ბავშვისა და მოზარდის სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ღირებულება და ფასეულობა, რაც აქვს ნებისმიერ საზოგადოებას. ამიტომ გვმართებს უფროსებს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ჩვენი გულგრილობა, ჩვენი დაუდევრობა არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს შეიძლება, დანაშაულის ტოლფასი იყოს და ბავშვისა და მოზარდი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.

მან ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 15 წლის მოზარდზე, ძალიან დიდი გულისტიკივილით მინდა აღვნიშნო, როგორც ექიმმა და როგორც დედამ ვთქვა, რომ ძალიან გვტკივა“, – აღნიშნა მარი მალაზონიამ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.